სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    ღია წერილი საფეხბურთო საზოგადოებას
    ღია წერილი
    18.09.2013

    ძალიან იშვიათად გამომითქვამს ხმამაღლა ჩემი აზრები ფეხბურთზე, მაგრამ ყველაფერს აქვს თავის საზღვარი. ვფიქრობ, უთქმელობამ და არწყენის პოლიტიკამ მთლიანად ჩაძირა ქართული ფეხბურთი.

    "დინამოს" "ტოტენჰემთან" თამაშის დროს ინსტინქტურად სახეზე ხელები ავიფარე, შემრცხვა, როგორი უსუსურები იყვნენ თამაშის დროს "დინამოელები". მერე კი დიდი "ვაჟკაცობა" გამოიჩინეს ინგლისში, მხოლოდ 3:0 რომ წავაგეთ. ალბათ "შევეცოდეთ" ინგლისელებს.

    რაც შეეხება ნაკრების ბოლო ორ თამაშს ფრანგებთან და ფინელებთან, ფრანგებმა, რომლებიც აშკარად არ იყვნენ, ასე ვთქვათ, ფორმაში, გოლი ვერ შეგვიგდეს, რამაც ოპტიმისტთა აღფრთოვანება გამოიწვია. ის კი არა, კანკავა ლამის რიბერის თანასწორად გამოიყვანეს და დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ აქ ფინელებს გავანადგურებდით, შემდეგ კი ესპანელებს ესპანეთში. რა ოპტიმიზმზეა საუბარი, როცა ნაკრებმა შესარჩევ 8 მატჩში მხოლოდ სამი კინკილა გილი გაიტანა? უფრო მეტიც, 7 თამაშში სულ 4-ჯერ აქვთ ზუსტად დარტყმული მოწინააღმდეგის კარში.

    რა გვჭირს? ხშირად გაიგონებთ ფეხბურთის დღევანდელი მამებისაგან, რომ საქართველოში არა გვაქვს სათანადო ინფრასტრუქტურა. კი ბატონო, მართალია ჩვენ მნიშვნელოვნად ჩამოვრჩებით ევროპისა თუ მსოფლიოს ქვეყნებს, მაგრამ განა ჩვენზე უკეთესი სტადიონები და პირობები აქვთ განას, ნიგერიას, ბურკინა-ფასოს და აფრიკის და აზიის სხვა ქვეყნებს, რომ ამდენი მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ? ან ავიღოთ ჩვენი მეზობელი თურქეთი და სომხეთი. ისინი ჩვენთან ჩამოდიოდნენ და ჩვენგან სწავლობდნენ საფეხბურთო სტრატეგიას და ტაქტიკას. სულ ახლახან ჩვენმა ნაკრებმა სამარცხვინოდ წააგო დანიასთან, ერთი კვირის შემდეგ კი სომხეთის ნაკრებმა იგივე დანიის ნაკრებს დანიაში 4:0 მოუგო. დააკვირდით "დინამოს", თუ გნებავთ, ჩვენს ნაკრებს, ასე გგონია, შენელებულ კადრებს უყურებ, როცა ისინი პასს აკეთებენ, ან ბურთს აჩერებენ, არავითარი სწრაფი აზროვნება, არავითარი ზუსტი პასი, არავითარი დაყენებული ზუსტი კარში დარტყმა. დავითვალე და ჩვენს ნაკრებს ბოლო ხუთი თამაშის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ აქვს კარში დარტყმული (ფრანგებთან თამაშამდე). ამის შემდეგ რომელ შედეგზე შეიძლება ლაპარაკი.

    "დინამოს" დღევანდელი მეპატრონე რომან ფიფია ეტყობა, სერიოზული ბიზნესმენია, მაგრამ ფეხბურთთან ცოტა უკაცრავად უნდა იყოს. "დინამოში" ხუთი თუ ექვსი ლეგიონერი ჰყავს მოწვეული, რომლებიც არაფრით არ გამოირჩევიან დანარჩენი ქართველი ფეხბურთელებისაგან, უფრო მეტიც, უმრავლესობა მათი რიგებიდან ძალზედ სუსტ ფეხბურთს თამაშობს. არ ჯობია, ერთი კარგი ლეგიონერი მოიყვანოს გუნდში და იმ ხუთის მისაცემი ფული ერთს მისცეს, რომელიც გუნდში მართლაც ამინდს შექმნის? ანალოგიური მდგომარეობაა ნაკრების სამწვრთნელო შტაბშიც...

    გავიხსენოთ, რა ხდებოდა ფეხბურთის ფედერაციაში რამდენიმე წლის წინათ, სადაც კონტროლის პალატამ მილიონობით თანხის გაფლანგვა აღმოაჩინა. ატყდა ერთი მითქმა-მოთქმა, ამაში უმცროსი ნოდარ ახალკაცი დაადანაშაულეს, თუმცა კულუარული ინფორმაციით, ეს თანხები "ნაციონალების" საარჩევნო კამპანიას მოხმარდა. საქმე მიიჩქმალა, თითქოს აპატიეს მამის დამსახურების ხათრით უმცროს ახალკაცს და, აი, საფეხბურთო არენაზე გამოჩნდა ახალი ე.წ. "კარგი მენეჯერი" ზვიად სიჭინავა, რომელსაც ივო შუშაკი შუშანიკის შთამომავალი ჰგონია. რაც შეეხება თავად ფეხბურთის ფედერაციას და გახარჯულ თანხებს. გეკითხებით, ვინმეს სადმე გინახავთ ინფორმაცია, თუ რა თანხები შემოვიდა უეფადან ან სახელმწიფოდან, ან ფეხბურთის ტრანსფერებიდან? ეს თემა ტაბუდადებულია.

    იმასაც ამბობენ, რომ სააკაშვილმა ასეთი პირობა მისცა სიჭინავას, საკონსტიტუციო სასამართლო თუ ბათუმში გადავიტანეთ, პარლამენტი კი ქუთაისში, ანაკლიას რომ ავაშენებთ, ფეხბურთის ფედერაციას ანაკლიაში გადავიტანთო.

    ახლა მინდა ვკითხო ფეხბურთის მამებს, რატომ არიან დღემდე უმუშევარი ყველაზე შედეგიანი მწვრთნელები, თუნდაც გია გეგუჩაძე, თემურ მახარაძე და სხვები? მაინცდამაინც უცხოეთიდან უნდა ჩამოიყვანონ მწვრთნელები? ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ ეს გზა მცდარია?

    რაც შეეხება პრესას და ტელევიზიას, მედიისათვის ფეხბურთი თითქოს ტაბუდადებული თემაა. ყველა მოწიწებით და შეპარვით გამოხატავს პროტესტს, მაგრამ სპორტულ ჟურნალ-გაზეთებში ვერ შეხვდებით კრიტიკულ პოლემიკას. არ იმართება საგაზეთო დისპუტები, სამაგიეროდ ფართოდ შუქდება მაგ., ნორვეგიის და ისლანდიის ჰოკეისა და ფეხბურთის ფართო სტატისტიკა, რომელი ფეხბურთელი გადავიდა გუნდიდან გუნდში, რამდენი გაიყიდა, ვის შეხვდა გრიპი, რა მანქანა ჰყავს. ერთი სიტყვით, ყველა ქვეყნის ფეხბურთზე ლაპარაკობენ, გარდა ქართულისა. მიუჯდებიან კომპიუტერს, ამოკრეფენ მასალებს და გაზეთიც შეკრებილია...

    რაც შეხება ტელევიზიებს, შეძლებისდაგვარად გვაძლევენ საშუალებს, ვიხილოთ ევროპული ფეხბურთი. კვირაში ერთხელ პირველ არხზე გადმოსცემენ საფეხბურთო მიმოხილვას, აშუქებენ ეროვნულ ჩემპიონატს, განვლილი ტურის მატჩების პერიპეტიებს, მაგრამ არასდროს ამბობენ, რომ თამაშს ესწრებოდა ასი მაყურებელი, ისიც ფეხბურთელების მშობლები ან ახლო ნათესავები. ხანდახან ნაკრების მწვრთნელებსაც იწვევენ სტუდიაში. თუ შეძლეს ჟურნალისტებმა ქეცბაიას ინტერვიუზე დათანხმება, ისეთი გონორით და გაბრაზებით საყვედურობს ფეხბურთელებს, გეგონება, ნაკრებში ჩვენ მიერ იყვნენ მოწვიულები.

    კომენტატორებმა კი შემოიტანეს ახალი ლექსიკა რეპორტაჟში: მაგალითად, "ვერა და ვერ ამოიტანეს ბურთი "მამლებმა" საჯარიმოდან", ან "ძლივს შეაჩერა ჩისკო მისმა "ვიზავიმ", "კაჭარავას ფორმაციის "დინამო" აშკარად ჩამორჩებოდა ივო შუშაკის ფორმაციის "დინამოს" - რათა, შვილო, როცა თქვენ გყავთ ისეთი წინაპარი დიქტორები, როგორებიც იყვნენ სულმნათი კოტე და ეროსი!

    მოკლედ, სათქმელი გამიგრძელდა. ახლა ჩემს მოკრძალებულ მოსაზრებას მოგახსენებთ, თუ როგორ შეიძლება ეშველოს ქართულ ფეხბურთს. უპირველეს ყოვლისა, ორი უფასო საფეხბურთო სკოლა მაინც უნდა გაიხსნას, თუნდაც სკოლა-ინტერნატის სახით - ერთი დასავლეთში, მეორე აღმოსავლეთში. დაკომპლექტდეს მაღალკვალიფიციური პედაგოგებით და არა ისეთებით - 50 ბავშვი ერთ ბურთს რომ დასდევს და მისი მწვრთნელი ჩრდილში დომინოს თამაშობს ლუდზე. სკოლაში მისაღები კონტინგენტის სელექცია უნდა მოხდეს უმკაცრესი ჟიურის მიერ. სკოლები უნდა აღიჭურვოს თანამედროვე ტექნიკით, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით. პედაგოგებს უნდა დაენიშნოთ მაღალი ხელფასი, რომ გამოირიცხოს ყოველგვარი კორუფცია. სწორედ ასეთი ბავშვთა სკოლებით მიაღწიეს წარმატებებს თურქებმა, ბერძნებმა, ხორვატებმა. სწორედ ასეთ სკოლებში აღზრდილი, მატერიალურად გაჭირვებული ოჯახის შვილები მიაღწევენ სანუკვარ მიზანს, მითუმეტეს, რომ ქართული გენი სწრაფად ითვისებს ყოველგვარ სიახლეს.

    მოკლედ, ქართული ფეხბურთის უკუსვლა რომ შევაჩეროთ, ფეხბურთის ბოსებს მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი წარუმატებლობაზე, ან თუ მეტი არ შეუძლიათ - წავიდნენ! უმაღლეს და ქვედა ლიგებში მოთამაშე გუნდებს დაუწესდეს მკაცრი სადისციპლინო კონტროლი. ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოისპოს "ჩაწყობილი" მატჩები (თუ ადრე "ჩაწყობილი" თამაშის შესახებ მწვრთნელმა და რამდენიმე ფეხბურთელმა იცოდა, ახლა ეს ტექნიკა უფრო დაიხვეწა და იცის მხოლოდ მსაჯმა და ერთმა მოთამაშემ, შეიძლება მეკარემაც), პერიფერიებში უნდა გამკაცრდეს საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა მატჩებზე. თამაშის შემდეგ უზრუნველყოფილი უნდა იქნეს მსაჯთა უვნებლობა და, რაც მთავარია, უმაღლს ლიგაში არ უნდა თამაშობდნენ ისეთი დაბალი დონის ფეხბურთელები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს.

    მოკლედ, ასეთი მწარეა სიმართლე, რასაც სამწუხაროდ, ყველა ვერიდებით. გია გორგოძის სიტყვებს გავიმეორებ - "დღეს ფეხბურთი და ფეხბურთელობა საქართველოში გადაიქცა მაღალანაზღაურებად სამსახურად, რაც ნეპოტიზმზეა (ეს სიტყვაც მოდაშია) აგებული."

    ფეხბურთის გულშემატკივარი, ისტორიის მეცნიერებათა

    დოქტორი, პროფესორი ნიაზ ჯეირანაშვილი

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×