რეზონანსი
31.08.2026

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე

დღეს, 15:00 27  

„მემარცხენე ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი, სოსო შატბერაშვილი, საქართველოს ხელისუფლებისგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, რეფერენდუმის ჩატარებას ითხოვს.

როგორც შატბერაშვილმა განაცხადა, ევროკავშირმა პირველი სერიოზული დარტყმა მაშინ მიიღო, როდესაც კავშირი დიდმა ბრიტანეთმა დატოვა, ახლა კი, ისლანდიის მოსახლეობამ გამოუცხადა უარი ევროკავშირს რეფერენდუმის გზით, რაც, პოლიტიკოსის შეფასებით, ევრობიუროკრატებისთვის სილის გაწნა იყო.

„ევროკავშირმა პირველი სერიოზული დარტყმა მაშინ მიიღო, როდესაც სამი დამფუძნებელი ქვეყნიდან ერთ-ერთმა - დიდმა ბრიტანეთმა, დატოვა ეს მკვდრად შობილი კავშირი. ბრიტანეთმა ამისათვის გადაიხადა მილიარდი ევრო, მაგრამ, მას უღირდა ამ კავშირის დატოვება, რადგანაც ნახა, იქ რა საშინებელაც ხდება. ამის შემდეგ, ევროპის მრავალ ქვეყანაში გაისმოდა და გაისმის მოწოდება: „დავტოვოთ ევროკავშირი“. პირველ რიგში, ეს არის საფრანგეთი, გერმანია, ჩეხეთი და სხვადასხვა ქვეყნები. ამის შემდეგ, რაც მოხდა ისლანდიაში, ნამდვილი სილის გაწნა იყო „დიფ სთიეთისა“ და ევრობიუროკრატიისათვის. რეფერენდუმზე ხალხმა განაცხადა: „არა ევროკავშირს.“

მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ, ბოლო მოეღება სპეკულაციებს და იმის ლაპარაკს, საქართველოს ევროკავშირში იღებენ თუ - არა.

თვითონ ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, ევროკავშირის წევრობა სურს მას, თუ არ სურს და ამით დამთავრდება ხელგამოწვდილი დგომა გადამთიელების წინაშე იმის თხოვნით, რომ მიგვიღეთ თქვენს კავშირში. ჩვენ ასეთი ევროკავშირი არ გვჭირდება. დარწმუნებული ვართ, ქართველი ხალხიც, ისლანდიელების მსგავსად, უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე,“ - აღნიშნა სოსო შატბერაშვილმა.

მისივე განცხადებით, 2007 წელს, საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარებული რეფერენდუმი ვერ ჩაითვლება სარწმუნოდ, რადგან მაშინ „ნაცმოძრაობამ“ არჩევნები გააყალბა და შესაბამისად, რეფერენდუმის შედეგებიც არ ასახავდა სინამდვილეს.

შატბერაშვილის თქმით, ევროპასთან ისეთმა ინტერგრირებულმა ქვეყანამ, როგორიცაა ისლანდია, მტკიცე უარი განაცხადა ევროკავშირის არათუ წევრობაზე, არამედ, მასთან მოლაპარაკების გახსნაზე, რადგან ნათლად დაინახა საფრთხეები.

„რაც შეეხება რეფერენდუმს: 2007 წელს, სააკაშვილმა ჩაატარა ასეთი რეფერენდუმი საპრეზიდენტო არჩევნებთან ერთად, მაგრამ, მსოფლიოს ყველა ექსპერტმა განაცხადა, რომ აქ იყო ტოტალური გაყალბება საპრეზიდენტო არჩევნების დროს და თუ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა, რა თქმა უნდა, დიდი და სერიოზული ეჭვი გვაქვს, რომ რეფერენდუმიც გაყალბდა. თუმცა, 2007 წელს, მდგომარეობა სხვანაირად იყო, მაშინ ჩვენც კი ორივე ხელით მხარს ვუჭერდით საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა, ამის შემდეგ „დიფ სთიეთის“ თავხედობას საზღვარი აღარ ჰქონდა და ნახეთ, დღეს რა მოხდა: ევროპასთან ისეთმა ინტეგრირებულმა ქვეყანამ, როგორიც არის ისლანდია, რომელიც არის ნატო-ს წევრი, შენგენის ზონის წევრი - მანაც კი უარი განაცხადა არათუ წევრობაზე, არამედ, მოლაპარაკებების გახსნაზეც კი. და რატომ გააკეთა ეს: მარტა კოსს უკვე მზად აქვს კანონპროექტი იმის შესახებ, რომ ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანას მიეცემა ხმის უფლება და ზოგიერთ ქვეყანას არ ექნება ხმის უფლება. ისლანდიელებმა ჩათვალეს, რომ ხმის უფლება მათაც არ ექნებათ გაწევრიანების შემთხვევაში და შესაძლებელია, რომ ისლანდიის საკითხი ისე განიხილოს ევროპარლამენტმა, ევროკომისიამ ან ევროსაბჭომ, რომ არც კი შეეკითხონ ისლანდიელ ხალხს. აქ კიდევ სოფლის მეურნეობის პროდუქციის საკითხიც არის - ისინი თევზჭერით ირჩენენ თავს და შესაძლოა, ისლანდიაას თევზჭერის უფლებაც არ მისცენ. ამიტომ, ისლანდელმა ხალხმა განაცხადა მტკიცე „არა“ ევროკავშირს,“ - განაცხადა სოსო შატბერაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×