
რუსეთის მიერ აფხაზეთის ოკუპაციის განმავლობაში პირველი შემთხვევაა, როცა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავი შევიდა. ამის საფუძველი რუსული ნავთობბაზებისა და გადამამუშავებელი ქარხნების შეფერხება, რამაც საწვავის მწვავე დეფიციტი შექმნა, საქართველოს მთავრობის განცხადებით, აფხაზეთის მოსახლეობის სოციალური და ჰუმანიტარული საჭიროებების გათვალისწინება შეიძლება იყოს კონფლიქტის მშვიდობიანი ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი.
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საწვავი ოკუპირებულ ტერიტორიაზე კერძო ბიზნესმა შეიტანა და სახელმწიფო არაფერ შუაშია. თუმცა მისი თქმით, მსგავსი ნაბიჯები მოქმედი კანონმდებლობის, მათ შორის „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის ფარგლებში განხორციელდა. ამასთანავე, 19 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში პრემიერმა ასევე დასძინა, რომ „ჩვენთვის ეს არის თავიდან ბოლომდე ნდობის აღდგენის საკითხთან დაკავშირებული. ჩვენთვის, როგორც ხელისუფლებისთვის, მთავარი ამოსავალი წერტილი აქ ფულის შოვნა არ იყო. შეიძლება ბიზნესის მიზანი იყოს ფულის შოვნა, ჩვენი მიზანი არის ნდობის აღდგენა. ერთადერთი მოტივი, რატომაც მივიღეთ მხარდამჭერი გადაწყვეტილება, იყო სწორედ ეს ხედვა“.
ცნობილია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინი შპს „სოლიდუსმა“ შეიტანა, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქმიანობისთვის მინიჭებული აქვს „სპეციალური საწარმოს სტატუსი“. კომპანიის მფლობელი გიორგი არველაძე ამბობს, რომ აფხაზეთში არა 3000, არამედ 680 ტონა საწვავი შეიტანა და უკვე დიდი ხანია აფხაზებთან ერთად საქმიანობს.
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი ოკუპირებულ აფხაზეთში ქართული ტერიტორიიდან საწვავის შეტანის თემას გამოეხმაურა და განმარტა, რომ პროცესი სრულიად ლეგალურია და კონკრეტულად ეკონომიკურ ჭრილში უნდა განვიხილოთ. საწვავის შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობისა და „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის სრული დაცვით. პროცესში ჩართულია კომპანია, რომელსაც აქვს შესაბამისი ოფიციალური ნებართვა („სპეციალური საწარმოს სტატუსი“).
როგორც ვახტანგ იობაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნა, ეს არის ჩვეულებრივი ბიზნეს-ოპერაცია, როდესაც რეგიონში შეიქმნა მწვავე დეფიციტი რუსული მიწოდების შეფერხების გამო, გაჩნდა მოთხოვნა, ხოლო ქართულმა ბიზნესმა ამ მოთხოვნას უპასუხა.
,,ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისა და «ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ» კანონის სრული დაცვით. პროცესში ჩართულია კომპანია, რომელსაც აქვს შესაბამისი ოფიციალური ნებართვა და სპეციალური საწარმოს სტატუსი.
რუსეთში შეიქმნა სერიოზული შეფერხებები ნავთობბაზებსა და გადამამუშავებელ ქარხნებთან დაკავშირებით, რამაც აფხაზეთში საწვავის მწვავე დეფიციტი გამოიწვია. როდესაც ბაზარზე ჩნდება რეალური მოთხოვნა, ბუნებრივია, ქართული ბიზნესი პასუხობს ამ გამოწვევას. ეს არის ჩვეულებრივი კომერციული პროცესი, სადაც ოპერაციები ხორციელდება ლეგალურად, ყველა საჭირო პროცედურის გათვალისწინებით.
ეკონომიკურ ჭრილთან ერთად, მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული ასპექტიც - იმ ტერიტორიაზე ცხოვრობენ ჩვენი მოქალაქეები. საწვავის მიწოდება აუცილებელია ადგილობრივი ინფრასტრუქტურის, სასწრაფო დახმარების, საავადმყოფოებისა და სოციალური ობიექტების შეუფერხებელი ფუნქციონირებისთვის.
ამიტომ ამ პროცესის პოლიტიზება არასწორად მიმაჩნია, ეს არ არის პოლიტიკური ჟესტი, არამედ საბაზრო ურთიერთობაა, სადაც მიწოდება ხორციელდება სტანდარტული კომერციული პირობებითა და საგადასახადო რეგულაციების გათვალისწინებით. კანონიერი, საბაზრო ურთიერთობაა, რომელიც არსებულ კრიზისულ სიტუაციაში ლოგიკურ და აუცილებელ ნაბიჯს წარმოადგენს“, - განაცხადა იობაშვილმა.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ აფხაზეთშიქ ართული ბიზნესი განვითარდეს, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო გაამყარებს ნდობას და ხალხებს შორის შერიგების წინაპირობაც შეიძლება გახდეს.
,,მოხარული ვიქნები თუ გავიგებ, რომ ქართული ბიზნესი აყვავდა აფხაზეთში. ძალიანაც კარგი, სხვა უცხო პირმა რატომ უნდა მოიკიდოს ფესი, იქმნება წინაპირობა, რომ კიდევ უფრო გამყარდეს ნდობა და ორი მოძმე ერი შერიგდეს. აფხაზეთში საწვავი ვინც გადაიტანა, არ დაუმალავს და თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, პროცესი გაგრძელდება.
საერთოდ კი, იქ ბენზინის საწვავის დეფიციტია, რადგან მთელ რუსეთში ეს მოცემულობაა. დიდ ქალაქებში, წარმოიდგინეთ, მოსკოვშიც კი საწვავის სიმცირეა. ყველა ქარხანა, ფაქტობრივად, მწყობრიდან გამოსულია, თვითონაც უბომბავდა სხვას, უშლიდა და ახლა გაიგებს, როგორია ასეთი ცხოვრება.
მე მივესალმები, თუ ქართული ბიზნესი აღდგება აფხაზეთში. ჯერ ადრეა თქმა, გაგრძელდება თუ არა. ტრამპმა განაცხადა, საშინელ ეკონომიკურ სიტუაციაში ჩავაგდებ ყველა ქვეყანას, ვინც მეგობრობს ირანთან. მომხრე ვარ, იყოს მშვიდობა და დამთავრდეს ყველანაირი ომი, განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში. აფხაზეთის ტერიტორიაზე მცოვრებლებს, მათ შორის ქართველებს, გაუჭირდათ და დავეხმარეთ, მხოლოდ ეს სიტუაციაა“, - დასძინა ვახტანგ იობაშვილმა "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.
ცნობისთვის, აფხაზეთში საწვავის ფასი ბენზინის ტიპსა და ავტოგასამართ სადგურზეა დამოკიდებული. ძირითადი მომწოდებელია „როსნეფტია". რეგულარის ფასი 74 – 75 რუბლს (დაახლოებით 2.30 – 2.35 ლარი) შეადგენს. პრემიუმი 82 – 84 რუბლი (დაახლოებით 2.60 – 2.65 ლარი) ღირს, ხოლო დიზელი - 85 – 87 რუბლი (დაახლოებით 2.70 – 2.75 ლარი). ეს ,,როსნეფტის“ მიერ მიწოიდებული საწვავის ფასია. საქართველოდან გადატანილი ბენზინი აფხაზეთის ადგილობრივ ოფიციალურ ფასზე თითქმის 50%-ით ძვირი ღირს.