რეზონანსი
23.08.2026

ოპოზიციაში დაპირისპირება კიდევ უფრო მწვავდება. "მანიპულატორი ნარცისი, რომელიც ოპოზიციური ფლანგის მოსანელებლად იბრძვის" - თამარ ჩერგოლეიშვილი მიხეილ სააკაშვილს მორიგ პოსტს უძღვნის.

ფედერალისტების ლიდერი აცხადებს, რომ სააკაშვილი კოალიცია „ახალს" ოპოზიციურ ველზე დაკარგული დომინაციის დასაბრუნებლად ურტყამს, თუმცა მსჯავრდებული პრეზიდენტის ეს მცდელობები მარცხისთვისაა განწირული.

რაც შეეხება "ნაციონალურ მოძრაობას", აქ დანარჩენ ოპოზიციას კვლავ ფინანსური მოგების სანაცვლოდ ინტერესების დათმობაში ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ სააკაშვილი ფაქტებით საუბრობს.

მმართველი გუნდისთვის კი, ოპოზიციაში არსებული დაუსრულებელი დაპირისპირება თვითლუსტრაციის კიდევე ერთი მაგალითია.

"საბოლოო დაპირისპირება და სახის დაკარგვა, აი, ასე დავარქვათ ამ მოვლენებს. საზოგადოების წინაშე რეალური მათი მოცემულობის ჩვენება, კიდევ ერთხელ იძლევა იმის საფუძველს, პირდაპირ და არაორაზროვნად ვთქვათ, თუ რა მოღალატეობრივ და ანტისახელმწიფოებრივ ძალებთან გვაქვს საქმე, როდესაც "ნაცმოძრაობას" და მათ გარშემო არსებულ შვილობილ პარტიებზეა საუბარი. ახლა ისინი პრაქტიკულად სიმართლეს ლაპარაკობენ. ის, რასაც ერთმანეთს ეძახიან, სიმართლეა, ეს საზოგადოებამ კარგად იცის. ერთის მხრივ, ტელევიზიების ქურდი, მეორეს მხრივ, ყოფილი პრეზიდენტი, რომელმაც საკუთარი დანაშაულით ქვეყანა გაწირა, ქვეყანა უბედურ დღეში ჩააგდო, ხოცა ახალგაზრდები ქუჩაში და ასე შემდეგ... და ამ ყველაფრის ფონზე, კიდევ ერთი რეალური და თვალსაჩინო, მკაფიო სურათი, რომელიც მათ დადეს საზოგადოების წინაშე, ჩვენს ხალხს, საქართველოს, კიდევ უფრო მეტად არწმუნებს, თუ რატომ არ შეიძლება მეხუთე კოლონის და მოღალატეობრივი აგენტურული ოპოზიციის მიშვება ხელისუფლებასთან", - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×