
რუსეთმა დიდი ბრიტანეთიდან ელჩი გაიწვია, - ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
ლონდონში რუსეთის საელჩოს ცნობით, ანდრეი კელინმა დიპლომატიური პოსტი გასულ თვეში, 21 ივლისს, თანამდებობაზე შვიდწლიანი მუშაობის შემდეგ დატოვა.
გამოცემის ინფორმაციით, საელჩოს უფროსი დიპლომატიური პერსონალის სიაში მხოლოდ დროებითი საქმეთა რწმუნებული, ვასილი ციგანოვია მითითებული.
ლონდონში საელჩოს წარმომადგენელმა Sunday Times-ს განუცხადა, რომ რუსეთს კელინის შემცვლელის კანდიდატურა ჯერჯერობით არ წარუდგენია.
ასევე, საელჩოს განცხადებით, რუსეთი დიდ ბრიტანეთთან დიპლომატიური ურთიერთობების დონის დაქვეითებას არ გეგმავს.
„რაც შეეხება რუსეთსა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობების მდგომარეობას, ის უპრეცედენტოდ დაბალ დონემდე გაუარესდა, მთლიანად ლონდონის ინიციატივით. მან დიდი ბრიტანეთი იმ იმედით დატოვა, რომ კონსტრუქციული და პატივისცემაზე დამყარებული დიალოგი აღდგება, თუ დიდი ბრიტანეთი ჩვენი ქვეყნის მიმართ თავის პოლიტიკას გადახედავს", - განაცხადა რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა.