
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების სტატისტიკა საგნებს შორის მნიშვნელოვან განსხვავებას აჩვენებს. წელსაც, წინა წლის მსგავსად, ყველაზე მაღალი ჩაჭრის მაჩვენებელი ფიზიკაში დაფიქსირდა. ფიზიკაში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 31.69%-მა ვერ გადალახა. თითქმის იგივე სურათია ბიოლოგიაში - 31.42%.
ფიზიკის გამოცდაზე 994 აბიტურიენტი გავიდა, მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 679-მა გადალახა, 315-მა კი ვერ შეძლო. შედეგად, ზღვარს მიღმა დარჩა აბიტურიენტთა 31.69%.
ფიზიკაში საშუალო ქულა 27.71 იყო 63-დან, ხოლო გამოცდაზე მაქსიმალური - 63 ქულა 8 აბიტურიენტმა მიიღო.
მეორე ადგილზეა ბიოლოგია. 3 825 აბიტურიენტიდან ზღვარი 2 623-მა გადალახა, 1 202-მა კი ვერ შეძლო. ჩაჭრის მაჩვენებელმა 31.42% შეადგინა. ბიოლოგიაში საშუალო შედეგი 30.54 ქულა იყო 70-დან, ხოლო სრული ქულა მხოლოდ ერთმა აბიტურიენტმა მიიღო.
საკმაოდ მაღალია ჩაჭრის მაჩვენებელი ქიმიაშიც - მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახა აბიტურიენტთა 26.36%-მა. გამოცდაზე 2 337 ადამიანი გავიდა, ზღვარი კი 1 721-მა გადალახა. საშუალო შედეგმა 29.85 ქულა შეადგინა 63-დან. ამ საგანში მაქსიმალური - 63 ქულა შვიდმა აბიტურიენტმა მიიღო.
შემდეგ მოდის გეოგრაფია. აღნიშნულ საგანში ზღვარი ვერ გადალახა 23.3%-მა. 2 206 აბიტურიენტიდან გამოცდის მინიმალური მოთხოვნა 1 692-მა დააკმაყოფილა. საშუალო შედეგი 22.74 ქულა იყო 59-დან.
მათემატიკაში ჩაჭრის მაჩვენებელმა 17.48% შეადგინა. ორ ძირითად ვარიანტში გამოცდაზე 14 ათასზე მეტი აბიტურიენტი გავიდა. პირველ ვარიანტში საშუალო ქულა 20.30, მეორეში კი 19.09 იყო 51-დან. მთლიანობაში, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 82.52%-მა გადალახა.
თუ მხოლოდ ჩაჭრის მაჩვენებლებს შევადარებთ, 2026 წლის ყველაზე პრობლემურ ხუთეულს ასე გამოიყურება:
ფიზიკა - 31.69%
ბიოლოგია - 31.42%
ქიმია - 26.36%
გეოგრაფია - 23.30%
მათემატიკა - 17.48%