რეზონანსი
21.08.2026

რუსეთიდან ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის მსხვილი პარტია შევიდა. 960 ტონა AI-92 მარკის საწვავი კომპანია „აფსნი ოილმა“ შეიტანა, რომელიც „პოდოროჟნიკის“ ავტოგასამართი სადგურების ქსელს ფლობს.

კომპანიის ინფორმაციით, ბენზინი რუსულ „როსნეფტთან“ გაფორმებული კონტრაქტის ფარგლებში შეიძინეს. შემოტანილი საწვავიდან 303 ტონა რეალიზაციისთვის სამ ადგილობრივ კომპანიას - „აზიდს“, „ალხანსა“ და „სალამანდრას“ - გადაეცემა.

„აფსნი ოილი“ კვირის ბოლომდე ამავე კომპანიებისთვის დამატებით 380 ტონა დიზელის საწვავის მიწოდებასაც გეგმავს.

საწვავის დეფიციტზე განცხადება გაავრცელა კომპანია „აზიდმაც“. მისი ინფორმაციით, AI-92 მარკის ბენზინი ამ დროისთვის ქსელის ყველა ავტოგასამართ სადგურზეა ხელმისაწვდომი, AI-95 კი - მხოლოდ ნაწილზე.

კომპანია აცხადებს, რომ რუსეთიდან მიღებული საწვავის მოცულობა აგვისტოსთვის წინასწარ შეკვეთილი რაოდენობის მხოლოდ 12%-ს შეადგენს. ამის გამო „აზიდი“ საწვავის მოძიებას ე.წ. „ალტერნატიული წყაროებიდანაც“ განაგრძობს - საუბარია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან საწვავის შეტანაზე.

კომპანიის განმარტებით, ამ გზით მიღებული საწვავი მნიშვნელოვნად ძვირია, თუმცა მიწოდების ალტერნატიული არხების გამოყენება ქსელის სტაბილური მუშაობისთვის აუცილებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×