რეზონანსი
20.08.2026

"მთავრობა თუ შეგიყვარდა, ფსიქიატრს მიმართეო", - ძალიან ჭკვიანმა ადამიანმა თქვა.

მე ჯერ არ ვსაჭიროებ ფსიქიატრს, - თუმცა, მაღალი თანამდებობის რამდენიმე პირის მიმართ გულწრფელი პატივისცემით ვარ განწყობილი; სახელმწიფო სტრუქტურებში, - განათლების და რამდენიმე სხვა მიმართულების მიმართულებით, - მომუშავეთაგან მრავალი მიყვარს და მათდამი მოწიწებით რომ ვარ განწყობილი, თვითონაც იციან. არანაირი საჩუქარი, გარდა მათ მიერ ჩემდამი გამოხატული იგივე გრძნობისა და პატივისცემისა, არ მიმიღია და არც მომავალში ვაპირებ.

დღეს მთავრობას თხოვნა და კრიტიკა ერთად უნდა მოვახსენო, - ადრე ნათქვამის გამეორებაც მომიწევს, ახალ ნესტარსაც ვუჩხვლეტ...

ვიცი, ორმხრივ ცეცხლში მოვექცევი, - მე ჯანდაბას, - მთავარია, მათ გავაგონო, ვისაც ეხება და ამ პრობლემის გადაწყვეტა ძალუძს.

კარგია, რომ გასაჭირში არ ტოვებენ მევენახე გლეხებს. - ხედავთ, ქებით დავიწყე (გამოჩნდებიან ისეთებიც, "შეძრომად" რომ მონათლავენ).

კარგია, რომ Starp-up-ების პროგრამა განხორციელდა ("ა, კიდო!").

კიდევ შემიძლია, ჩამოვთვალო, მაგრამ, ვფიქრობ, საკმარისია.

ახლა ლობიოს, სიმინდის, ხორცის, რძის, მწვანილის, ბაღჩეულის, ბოსტნეულის და კიდევ მრავალი სხვა პროდუქტის გაზრდილ ფასებს შევახსენებ.

"ლობიო ძვირიაო", ტირიან ინტერნეტში თუ რადიო-ტელევიზიებში ჩემი ქართველები. უფრო ცხარედ ის ტირის, ხაჭო ბოსტნეული რომ ჰგონია.

გაგახსენოთ, რა თქვა იმერელმა გლეხმა?!

"დედაჩემის მერიდება, თვარა ლობიოს დედას დავუძახებდიო" - აი, ასე, მარტივად და გასაგებად თქვა.

იგივე ითქმის სიმინდზე, პომიდორზე, კიტრზე, ბადრიჯანზე, კარტოფილზე (ისე, ამერიკის აღმოჩენამდე იმერლები რას ვჭამდით?!)...

სერიოზულად კი, მთავრობის ბატონო წევრებო, რატომ უნდა ყიდულობდეს ბაღდათელი გლეხი აზერბაიჯანიდან (თურქეთიდან, ირანიდან...) შემოტანილ ლობიოს და რატომ არ თუ ვერ უნდა მოჰყავდეს საკუთარ მამულში თუ ყანაში?!

მე მრცხვენია, ქართველი გლეხის ოჯახი უცხოეთიდან შემოტანილ ლობიოს რომ ყიდულობს ბაზარში და "ძვირიაო", მოთქვამს.

ძალიან მრცხვენია!...

უარესს გეტყვით, - ლობიო კიდევ უფრო ძვირი უნდა ღირდეს, სიმინდის ფქვილიც, ხორციც, ყველიც, სულგუნიც...

არ შემშლია, - ორჯერ, სამჯერ უფრო ძვირი უნდა ღირდეს!

იქნებ ამან მაინც დაუბრუნოს გლეხი მიწას ("ბაზარი ყველაფერს არეგულირებსო").

ერთ დაკვირვებას გაგიზიარებთ:

გლეხი ადვილ გამოსავალს ეძებს.

და, თითქმის ყოველთვის, პოულობს! (მწარე გამოსავალსაც არ მოერიდება გლეხი - არჩევნებისას).

ადრე, ბოლშევიკების დროს, - სამოცდაათიანებში, ოთხმოციანებში, - ბაღდათის ოთხი სოფლის მოსახლეობა ერთად ამუშავებდა ლიანთხის ყანებს (სოფლებს ზემოთ, რამდენიმე კილომეტრის მოშორებით). სხვა სოფლებსაც თავისი საყანე ტერიტორიები ჰქონდა შემორაგული.

მთავრობისგან ეს ხალხი არაფერს ითხოვდა. საკუთარ ყანაში მოჰყავდა სიმინდი, ლობიო, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, კარტოფილი. ზრდიდა ღორებს, ჰყავდა ძროხები, წვრილფეხი... უზრუნველყოფილი იყო საკუთარი მონაგარით, - ქალაქელ ნათესავ-ახლობლებსაც უკითხავდა.

ვისაც მეტი მოჰყავდა (ვინც უფრო გამრჯე იყო და ყანაც დიდი ჰქონდა), ბაზარში გაჰქონდა და ყიდდა, - უფრო ხშირად, იქ დადარაჯებულ გადამყიდველს აბარებდა.

ხდებოდა, გლეხებს ყანებიდან ჭყინტ სიმინდს პარავდნენ და, მეორე დღეს, ქობულეთის თუ ბათუმის პლაჟებზე ჰყიდდნენ მოხარშულს. გლეხებმა უმეტესწილად იცოდნენ, ვინც იპარავდა, მაგრამ, რახან ბევრს არ იპარავდნენ ერთი ყანიდან (ასატანი დანაკარგი იყო), ხმაურს არ ტეხდნენ, - სიმინდის ბაცაცებთან კი, ჭიქას არ ასწევდნენ.

...და, ღირდა იმ წლებში ლობიო რამდენიმე აბაზი, სიმინდის ფქვილიც ასე იზომებოდა. მწვანილი?! - ორი კონა თხუთმეტი კაპიკად!...

არ იყო ქვეყანა მშიერი, - არ იყო დამოკიდებული მხოლოდ გარედან შემოტანილზე.

დღეს?!

დღეს რა ხდება, ბატონებო?!

გლეხი გაზარმაცდა?!

ალბათ, გაზარმაცდა კიდეც...

აუცილებლად უნდა დაუბრუნოთ გლეხი ყანას, ბოსტანს, ბაღჩას...

როგორ?!

მე ყველაფერი არ ვიცი.

რაც ვიცი ამ მარტივი მოგონებით, ვეცდები, მოგახსენოთ:

ორიათას ოცი წლის არჩევნების წინ დეიდამ გამოაცხადა, - "ხმას ნაცებს მივცემო". მამალი ქალი იყო დეიდა - მისი ნათქვამი ნიშნავდა, რომ მთელი ოჯახის და მინიმუმ ნახევარი სოფლის ხმები ერთხელ უკვე მოცილებულების ყულაბაში ჩაიყრებოდა.

რატომ-მეთქი.

- დედუა, მაგენი ლიანთხას მაინც გვიხნავდნენ, ამგენმა დაგვიკიდეს ფეხებზე... "სალიარკა" იმდენი ღირს... მერე ტრაქტორი... იმ ნასესხები ფულით, რაც ამ ყველაფერში უნდა გადავყარო, ბაზარში ვიყიდი ფქვილსაც, ბადრიჯანსაც, კიტრსაც, პამიდორსაც და ლობიოსაც... - მიპასუხა და თვალი ამარიდა. იცოდა დეიდამ, წლების წინ ჩვენ ახლობელ ოჯახებს რა უბედურებები დაატეხეს არმოსაბრუნებლებმა. იმ წელიწადს დეიდამ არ შეასრულა დანაპირები....

რამდენჯერმე ვურჩიე შედარებით ღონიერ გლეხებს, თქვენ ხომ შეგიძლიათ, თქვენი ხარჯით დახნათ და მოსავალი მოიყვანოთ-მეთქი. რამდენიმემ დახნა კიდეც, - ჭირნახული კი ვერ, ან ძალიან ცოტა მოიწიეს. 
წინათ, როცა ყველა თესავდა, - ყველა ზრუნავდა, ყანები მოვლილ-დაცული იყო, - ღობე ერტყა მთელ ლიანთხას, - ახლა გავერანებულია, იმ ცოტამ ვერ შემოღობა, საქონელს ვერ აკავებს.

ესეც რომ არ გითხრათ, არ შემიძლია: ვიღაც კაპიტალისტურ რელსებზე შემდგარ ჩინოვნიკს იდეა გასჩენია და განუხორციელებია კიდეც: სამი რაიონის ტრაქტორების პარკი ზესტაფონში შეუკრებია, - ცენტრალიზებული სისტემა შეუქმნია.

ველური იდეის განხორციელებას ველური კაპიტალიზმის შესაფერისი შედეგი მოჰყვა:

ტრაქტორი გინდა? - გამოიწერე (გადაიხადე!)...

სატვირთო მანქანით გადაიყვანე ბაღდათში (გადაიხადე!)...

მანქანითვე დააბრუნე ზესტაფონში (ისევ გადაიხადე!)...

დაავალეთ ეკონომისტებს, დაიანგარიშონ, რა დაუჯდება გლეხს ყანის დახვნა და დათესვა.

ვერ მოვიტანე, ალბათ, მეტად ეფექტური მაგალითი.

ამიტომ პირდაპირ შემოგბედავთ თხოვნა-დავალებას: დაეხმარეთ გლეხს გაზაფხულზე: აჩუქეთ დიზელის საწვავი, გამოუყავით ტრაქტორი!

გაზაფხულზე დაეხმარებით?! - შემოდგომაზე დაგეხმარება!

არა მგონია, ხვნაში დახმარებას ასი მილიონი ლარი დასჭირდეს, - გაცილებით ნაკლები, ალბათ...

დანარჩენს თვითონ მიხედავს და, - მართალია, სხვა ქვეყნებიდან სოფლის მეურნეობის პროდუქტების შემომტანი გადამყიდველები დაგემდურებიან, შეიძლება, მათი ხმებიც დაგაკარგინოთ მომავალ არჩევნებზე, - სამაგიეროდ, გლეხების გულს მოიგებთ.

გლეხები კი, ჩარჩებზე ბევრად, ბევრად მეტნი არიან.

P.S.: გაზაფხულამდე შორიაო, ვინმე თუ მეტყვის, ვუპასუხებ: შემოდგომაზე ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს. ახლავე ვარჩიე ხმა მიმეწვდნინა მათთვის. გლეხის მიწაზე დაბრუნებისთვის ნამდვილად ღირს რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დახარჯვა. - მე ასეულსაც არ დავიშურებდი.

(სოლომონ ნერგაძე, 2026)

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×