რეზონანსი
19.08.2026

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე, ირინა მუდრა თანამდებობიდან დაითხოვა - ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ანტიკორუფციული უწყების წარმომადგენლებმა, მასშტაბური საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, მის სამუშაო კაბინეტში ჩხრეკა ჩაატარეს, - წერს გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით „ანტიკორუფციული რეიდი ზელენსკიზე ზეწოლას კიდევ უფრო აძლიერებს".

„ეს გათავისუფლება კიდევ უფრო ამძიმებს ზელენსკის ისედაც რთულ მდგომარეობას. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა არჩევნების ჩატარებისკენ მოუწოდა ხელისუფლებას, მკაცრად გააკრიტიკა კორუფცია და მმართველობის სისტემურ კრიზისზე მიუთითა - ეს განცხადება მან იმ მოვლენებიდან რამდენიმე კვირაში გააკეთა, როდესაც მის დათხოვნას ხანგრძლივი საპროტესტო ტალღა მოჰყვა", - ნათქვამია სტატიაში.

ოთხშაბათს დილით უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ახალი სპეცოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა, რომელიც სავარაუდო დანაშაულებრივი დაჯგუფების წინააღმდეგაა მიმართული. უწყების ინფორმაციით, სქემაში მოქმედი თუ ყოფილი პარლამენტარები და ზელენსკის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნები ფიგურირებენ. ბიურო საგამოძიებო მოქმედებებსა და ჩხრეკას სპეციალიზებულ ანტიკორუფციულ პროკურატურასთან ერთად ატარებს.

საგამოძიებო ოპერაციის - კოდური სახელწოდებით „ფორესტ გამპი" - მიხედვით, აღნიშნულმა დაჯგუფებამ სახელმწიფო „სენს ბანკის" გავლით დაახლოებით 150 მილიონი გრივნა (დაახლოებით 3 მილიონი დოლარი) გაათეთრა. ეს თანხა ენერგეტიკის ექსმინისტრის, ჰერმან ჰალუშჩენკოს გირაოს უზრუნველსაყოფად გამოიყენეს, რომელიც გასულ წელს მომხდარი კორუფციული სკანდალის მთავარი ფიგურაა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×