
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კომპიუტერული მეცნიერების სკოლის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებული გიორგი ბაქრაძე სწავლას განაგრძობს გერმანიაში, ზაარლანდის უნივერსიტეტის (Saarland Graduate School of Computer Science) კომპიუტერული მეცნიერების ინტეგრირებულ სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, შესაბამისი პროგრამა 2007 წლიდან, გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ზაარლანდის ინფორმატიკის კამპუსის (SIC) ბაზაზე მოქმედებს, სადაც უნივერსიტეტთან ერთად გაერთიანებულია მსოფლიო დონის კვლევითი ცენტრები: მაქს პლანკის ინფორმატიკის ინსტიტუტი, DFKI და CISPA.
სტუდენტები უშუალოდ მონაწილეობენ წამყვანი მეცნიერების კვლევებში და სარგებლობენ ტექნოლოგიური ინკუბატორით „ტრიათლონი", რომელიც უმნიშვნელოვანესია სამეცნიერო იდეების სტარტაპებად ჩამოყალიბებისთვის.
„სრულად გაამართლა აბიტურიენტობისას მიღებულმა ჩემმა გადაწყვეტილებამ, როცა არჩევანი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე შევაჩერე. KIU-მ მომცა შესაძლებლობა, საქართველოდან გაუსვლელად, სრული დაფინანსებითა და საერთაშორისოდ აღიარებული პროფესორებისგან მიმეღო უმაღლესი ხარისხის განათლება, რაც დღეს გერმანიის წამყვან სამეცნიერო სივრცეში წარმატებული სტარტის გარანტი გახდა. ჩემი მიზანია ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მივიღო ღრმა, ფუნდამენტური ცოდნა, რომელსაც შემდგომში ინდუსტრიულ იდეებად ვაქცევ საქართველოში, თუ მის ფარგლებს გარეთ", - ამბობს გიორგი ბაქრაძე.
მისი აკადემიური პორტფოლიო ბაკალავრიატის პერიოდშივე გამოირჩეოდა მაღალი აკადემიური და სამეცნიერო აქტივობებით: მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციების (Computability in Europe; ITP - Interactive Theorem Proving) ორგანიზებაში; მუშაობდა მკვლევარ-ასისტენტად ერთობლივ სამეცნიერო პროექტში, რომელიც ფორმალურ ლოგიკას ეხებოდა; მესამე კურსზე, როგორც სტუდენტ-ასისტენტი, უმცროსკურსელებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებდა.
სტაჟირება გაიარა ევროპის ერთ-ერთ უდიდეს, იულიხის კვლევით ცენტრში (Jülich Research Centre). გიორგი, თანაკურსელებთან ერთად, ნეირომეცნიერების ინსტიტუტში მუშაობდა საერთაშორისო სამეცნიერო პროექტზე - Tiamat, რაც ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის უდიდესი წარმატებაა.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტებს ინკლუზიურ და პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებულ საგანმანათლებლო გარემოს სთავაზობს. KIU მხარს უჭერს სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენასა და ინოვაციური იდეების განხორციელებაში. KIU ულოცავს გიორგი ბაქრაძეს საბაკალავრო საფეხურის დასრულებას და წარმატებას უსურვებს პროფესიული განვითარების გზაზე!" - აცხადებენ სასწავლებელში.