რეზონანსი
15.08.2026

ნატა ვიბლიანის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ჯიმშერ ვიბლიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი დაზარალებულს ამჯერად წერილობით მიმართავს.

"ქალბატონო ნატა, ერთი რამ მინდა გითხრათ არა როგორც ადვოკატმა, არამედ როგორც ადამიანმა და პირველ რიგში ქალმა. არ გეგონოთ, რომ სოლიდარული არ ვარ თქვენი ტკივილის მიმართ. როდესაც ჰყვებით, როგორ დაკარგეთ სახლი - მე ეს ტკივილი ძალიან კარგად მესმის. მეც წამართვეს სახლი. დღემდე ჭავჭავაძის გამზირზე იმ ადგილას გავლა მტკივა და ზოგჯერ მეტირება. უსახლკარობა, შიმშილი, ობლობა, დამცირება და ძალადობა ჩემთვის უცხო სიტყვები არ არის. 

ხუთი წლისაც არ ვიყავი, როდესაც მამა ტრაგიკულად დამეღუპა. ჩემმა ოჯახმა უმძიმესი ცხოვრება გამოიარა. კიდევ გავაგრძელო? ალბათ საჭირო არ არის. მაგრამ ყველაფერმა, რაც ცხოვრებაში გადამიტანია, ერთი რამ მასწავლა: ჩემი ტკივილი არასოდეს მაძლევს უფლებას, სხვა უდანაშაულო ადამიანი გავაუბედურო. შეიძლება ვინმეზე ნაწყენი ვიყო. შეიძლება ვფიქრობდე, რომ მაშინ არ დამეხმარა, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა. 

შეიძლება მორალურადაც ვამტყუნებდე ადამიანს - მაგრამ ეს არ მაძლევს უფლებას, მას დანაშაული დავაბრალო, რომელიც არ ჩაუდენია, მის შვილებს შევეხო ან მისი ოჯახი გავანადგურო. გადატანილი უბედურება არ ნიშნავს, რომ სანაცვლოდ ათი სხვა ადამიანი უნდა გააუბედურო. თუ თქვენს მიმართ დანაშაული ჩაიდინეს - იბრძოლეთ. ეძებეთ სამართალი. მოითხოვეთ ყველა რეალური დამნაშავის დასჯა. ამ ბრძოლაში ნებისმიერი ნორმალური ადამიანი თქვენს გვერდით იქნება, მაგრამ გაფილტრეთ ტკივილი ბრაზისგან, ფაქტი - ვარაუდისგან, დამნაშავე - უდანაშაულოსგან. ნუ შეეხებით ადამიანებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი რომელიმე ოჯახის წევრები არიან. ნუ შეეხებით შვილებს. ნუ მიაწერთ ადამიანებს იმას, რაც არ ჩაუდენიათ. მე თქვენთან ომი ლოგიკურად დაფიქრდით რატომ ან რაში მჭირდება? ან რატომ უნდა მსურდეს თუმც მიმაჩნია ბევრ არასწორს აკეთებთ და ცრუობთ თქვენი მიზნის მისაღწევად, გაგკიცხოთ და გებრძოლოთ? 

არასდროს შემძლებია დაჩაგრულის დამცირება და დაკნინება, მე ადამიანებს ვეხმარები უფრო ბედნიერები იყვნენ ჩემთან შეხვედრის შემდეგ, ვიდრე ჩემამდე. მე მინდა სიმართლე ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ნაწილში, სულ ესაა და არც დრო მაქვს და ვიმეორებ არც სურვილი ამ სიტყვა - პასუხისთვის! და ამას ადამიანურად გეუბნებით: ეძებეთ სამართალი სიმართლით. იმიტომ, რომ ბოროტებაზე ბოროტებით პასუხი სამართალი აღარ არის. და სხვისი ცხოვრების დანგრევით საკუთარ ტკივილს ვერ განკურნავ. სიმართლეს სიცრუე არ სჭირდება. სამართალს კი ახალი მსხვერპლი არ უნდა ჰყავდეს!“ - წერს კუბლაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×