
„12 აგვისტოს, საქართველოს დროით 21:36, ხოლო GMT დროით 17:36 საათზე მოხდება მზის სრული დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ასეთი დაბნელება ცვლის ქვეყნებისა და ადამიანების ბედს. ამ თარიღს ემთხვევა ასევე ახალმთვარეობა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პერიოდად
მიიჩნევა და „ლომის კარიბჭის“ დასასრულად. ეს პერიოდი გავლენას ახდენს ადამიანების ემოციებზე, იდენტობასა და ცხოვრებისეული მიზნების გადაფასებაზე“, – ამის შესახებ ასტროლოგი ნინა ხომერიკი სოციალურ ქსელში წერს.
„ამ ზოდიაქოს ნიშანში დაბნელება დიდი ხანია არ გვქონია და ეს პერიოდი, ყველა ადამიანში გააჩენს კითხვას: რა როლის შესრულება აღარ გვსურს? ლომის ნიშანი სიმბოლურად გამოხატავს სცენას, რომელზეც თითოეული ჩვენგანი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, აპლოდისმენტების მისაღებად ადის და ეს დაბნელება, პირველ რიგში
გვაჩვენებს სხვაობას ჩვენს დღევანდელ სახესა და იმ როლს შორის, რომელშიც ინერციით ვაგრძელებთ ყოფნას. ასეთ დროს, საკუთარ თავთან ჩნდება კითხვა: ხომ არ გახდა ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება და როლი ჩვენთვის ძალიან მწირი, ვინაიდან ჩვენ ვიზრდებით, იცვლება ფასეულობები, მიზნები, ვიღებთ ახალ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, თუმცა, გარეგნულად ეს ცვლილებები თავიდან შესაძლოა არ გამოჩნდეს, რადგან ვაგრძლებთ ჩვეულ რიტმში ცხოვრებას, ისევ ვხვდებით და ვსაუბრობთ ნაცნობებთან, დავდივართ ძველ ადგილებში, ანუ ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იგივე ემოციები, რომლებსაც ვიღებდით წარსულში, მაგრამ ამ ემოციებში უკვე იგრძნობა სიყალბე და გარდაუვლად დგება ის დრო, როდესაც ჩვენს შინაგან მე-სა და გარე სახეს შორის ჩნდება ნაპრალი, რომელსაც ვეღარ ვამთელებთ, რომელ ბზარსაც ძალიან მკვეთრად წარმოაჩენს დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში.
ლომი არის ინდივიდუალიზმის, პირადი სივრცისა და არჩევანის სიმბოლო. ის დგას კირჩხიბსა და ქალწულის ნიშნებს შორის, სადაც კირჩხიბი არის ჩვენი სახლის, ოჯახისა და ნათესავების, ხოლო ქალწული ერთობლივი ყოველდღიურობის, რუტინისა და საქმის მაჩვენებელი და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლომი ის ინდივიდია, რომელიც არა მხოლოდ სცენასთან და საჯაროობასთან ასოცირდება; არამედ ის გვაძლევს უფლებას ვიყოთ ის, რაც ვართ სინამდვილეში და არა ისეთი, როგორიც სხვისთვის იქნება კომფორტული. ცხოვრება არასოდეს არ დგას ერთ ადგილას და ერთხელაც მოდის ის მომენტი, როდესაც ჩნდება ძალიან სერიოზული დისბალანსი იმ ჩვენს ახალ ვერსიასა და იმ იმიჯს შორის, რომელსაც ჩვევის გამო
კვლავ ვატარებთ და ეს დაბნელება კი არ ანგრევს, არამედ გვაჩვენებს, სად და რაში ვზღუდავთ საკუთარ თავს და ცხოვრების, რომელ სფეროში ვთანხმდებით მინიმუმს. ამ პერიოდში, ყველა ინდივიდუალურად დაინახავს საკუთარ ნაკლს, უკუქმედებას, რაც ზოგისთვის შესაძლოა იყოს დაკავშირებული სამსახურთან, საქმიან და პირად ურთიერთობებთან, ან თვითპრეზენტაციასთან. გადატანითი მნიშვნელობით, ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა დავადოთ ახალი ფასი, მივანიჭოთ ახალი სიმაღლე, რაც ჩვენს დღევანდელ დონესთან იქნება შესაბამისობაში. ლომის ზოდიაქო ასოცირდება “ეგო”-სთან, სიამაყესთან, თუმცა, ნამდვილი ლომი არ მოითხოვს აღფრთოვანებას, ის უბრალოდ არ მალავს თავის ბრწყინვალებას და ეს დაბნელება, გვიბიძგებს,
ვუჩვენოთ სამყაროს ჩვენი შინაგანი სინათლე. ამ პერიოდში, დასრულდება ჩვენი ცხოვრების ერთი ისტორია და მას ჩაანაცვლებს უფრო ნამდვილი, უშიშარი და მედიდური მომავალი. დაბნელების ციკლში ბევრი ადამიანი მიხვდება, რომ დროა უარი ვთქვათ ზოგადად მიღებულ შაბლონებზე, სტანდარტულ აზროვნებაზე, დროა გამოვამჟღავნოთ საკუთარი ინდივიდუალიზმი და შეხედულება. ლომის მმართველი ორგანოა გული და მართებული იქნება დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს: შეგვიძლია თუ არა ნამდვილი სიყვარული, რადგან ეს პერიოდი, შეამოწმებს ჩვენს წესიერებასა და გულწრფელობას ურთიერთობებში. ასეთ დროს, ადამიანები ასრულებენ დუმილს, გამოდიან სხვებზე მორგებული როლებიდან და ღიად იწყებენ საუბარს იმაზე, რაც გულში აქვთ. ეს დაბნელება სვამს კითხვას: მზად ვართ თუ არა მივიღოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ვართ სინამდვილეში და მზად ვართ, თუ არა ხელახლა გავაღვივოთ ცხოვრებისადმი ინტერესი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე