რეზონანსი
10.08.2026

საქართველოს ჩემპიონის, თბილისის „იბერიის“ მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი დემჩენკომ ჩრდილოეთ ირლანდიის „ლარნთან“ ევროპალიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა და გუნდში არსებულ ვითარებასა და მზადებაზე ისაუბრა.

„პირველ შეხვედრაში ჩვენი არადამაჯერებელი თამაში გადაღლილობამ განაპირობა – კარგად არ გამოვიყურებოდით და მეტოქეს თამაში დავუთმეთ. რთულმა მგზავრობამ, ვიზებზე გაურკვევლობამ და ხელოვნურსაფრიანმა მოედანმა ჩვენს თამაშზე გავლენა იქონია, მაგრამ ეს არავის აინტერესებს, მთავარი შედეგია. ფეხბურთელებს შევაქებ და მადლობას ვეტყვი, ასეთი რთული წინაპირობების მიუხედავად, მატჩი ფრედ რომ დაასრულეს. საპასუხო თამაშისთვის სერიოზულად ვემზადებით და იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ.

ეს შეხვედრა მნიშვნელოვანია ჩვენთვის და მთლიანად, ქართული ფეხბურთისთვის, რადგან 22 წელია ქართული გუნდები ევროტურნირების ჯგუფში ვერ ხვდებიან, ვაცნობიერებთ, რომ ეს ისტორიული თამაშია. მჯერა, შეცდომებს გამოვასწორებთ და საპასუხო მატჩში სულ სხვა „იბერიას“ იხილავთ.

ჩვენზე ძალიან დიდი წნეხია და ვცდილობთ, ფეხბურთელები ფსიქოლოგიურადაც კარგად მოვამზადოთ, რათა ამ ზეწოლისგან გათავისუფლდნენ და მოედანზე გასვლის დროს ყველანაირად მზად იყვნენ.

ცხადია, ვფიქრობთ, რომ შესაძლებელია პენალტების სერია დაინიშნოს. თუმცა, ჩვენი მიზანია, შედეგს ძირითად დროში მივაღწიოთ.

„ლარნი“ ათლეტური და მებრძოლია გუნდია, ტიპურ ბრიტანულ სტილში თამაშობს – შორეულ გადაცემებს იყენებს და ფლანგებიდან უტევს. მათი თამაში შევისწავლეთ და უკვე ვიცით, რაც უნდა გავაკეთოთ“.

„იბერიისა“ და „ლარნის“ საპასუხო შეხვედრა 11 აგვისტოს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 20:00 საათზე დაიწყება. მოგების შემთხვევაში, საქართველოს ჩემპიონი კონფერენს ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაშს გაინაღდებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×