მარიამ ვეკუა
10.08.2026

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ ქვეყანა არ შეუერთდება ანტირუსულ სანქციებს და ამ პოლიტიკით არაფერს კარგავს. მიუხედავად ევროკავშირის მკაცრი კრიტიკისა და კანდიდატი ქვეყნის სტატუსისა, ბელგრადი „ორ ფრონტზე თამაშს" აგრძელებს - ინარჩუნებს რა ეკონომიკურ სარგებელს მოსკოვთან და მეგობრულ კავშირებს უკრაინასთან, რომელიც სერბეთის ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს.

ვუჩიჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ, სერბეთი ერთადერთი ქვეყანაა ევროპაში, რომელსაც რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია და ამავდროულად, მეგობრულ და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს უკრაინასთან, რომელიც კოსოვოს არ აღიარებს.

მოქალაქეებთან შეხვედრისას ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ უკრაინაში ომი უკვე ოთხ წელზე მეტია გრძელდება და სერბეთის პოზიციები კონფლიქტის დაწყებისდროინდელის მსგავსად უცვლელი რჩება.

„ჩვენ საკუთარი პოლიტიკა გვაქვს და ჩვენსავე ინტერესებზე ვზრუნავთ. უკრაინაში ომის დაწყებიდან ოთხწელნახევარი გავიდა. დასკვნები, რომლებიც კონფლიქტის დასაწყისში გამოვიტანეთ, დღესაც უცვლელია. ჩვენ კვლავ ერთადერთი ქვეყანა ვართ ევროპაში, რომელსაც რუსეთის ფედერაციისთვის სანქციები არ დაუწესებია, და ამავდროულად, მეგობრულ და კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ უკრაინასთან, რადგან უკრაინას კოსოვო დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ აღიარებს.

ჩვენ ყველასთან უნდა ვისაუბროთ და ვიმუშაოთ", ხაზგასმით აღნიშნა ვუჩიჩმა. მისი თქმით, სახელმწიფო სათამაშო არ არის და მისი მართვა ისე ვერ მოხდება, რომ ყველას გული მოიგონ ან ყველა გადაწყვეტილებით ყველა კმაყოფილი იყოს.

ვუჩიჩმა აღნიშნა, რომ მისი პრიორიტეტი მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაა, ისევე როგორც ეკონომიკური პროგრესი, რათა მოქალაქეებს უკეთესი ცხოვრების დონე ჰქონდეთ. მან დასძინა, რომ მისი საქმე ყველას მოსაწონად ყოფნა როდია, არამედ ქვეყნის გამოწვევები დაძლევა და არსებულ პრობლემებთან გამკლავებაა.

„ჩემი საქმეა ამ პრობლემების მოგვარებაა, შეხვედრა როგორც მათთან, ვინც გიყვართ, ისე მათთანაც, ვინც არ გიყვართ, რათა ჩვენს ქვეყანას და თითოეულ ჩვენს შვილს მშვიდობა და სტაბილურობა ვუზრუნველყოთ. მშვიდობა და სტაბილურობა კი ეკონომიკურ პროგრესს მოიტანს", - განაცხადა ვუჩიჩმა.

ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებმა იმედგაცრუება გამოთქვეს რომ სერბეთი კვლავაც უარს აცხადებს თავისი საგარეო პოლიტიკის ევროკავშირთან შესაბამისობაში მოყვანაზე, მითუმეტეს იმის ფონზე, როცა თან ევროკავშირის წევრობა სურს.

შეგახსენებთ, სერბეთი, ისევე როგორც საქართველო, როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, ბრიუსელის მხირდან ხშირად ექცევიან წნეხის ქვეშ, როგორც ამას საერთაშორისო გამოცემები ხშირად აღნიშნავენ, ევროკავშირი ორივე სახელმწიფოსგან მოელის საგარეო პოლიტიკის ევროპულ კურსთან სრულ ჰარმონიზაციას, რაც რუსეთისთვის სანქციების არდაწესების გამო ხშირად კრიტიკის მიზეზი ხდება.

დასავლური ანალიტიკური წრეები ვუჩიჩს ხშირად ახასიათებენ როგორც პრაგმატულ პოლიტიკოსს, რომელიც ოსტატურად სარგებლობს გეოპოლიტიკური რყევებით. ეკონომიკის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ სანქციების არდაწესება სერბეთს საშუალებას აძლევს, შეინარჩუნოს შეღავათიანი ფასები რუსულ ენერგორესურსებზე (განსაკუთრებით ბუნებრივ აირზე).

ვუჩიჩისთვის ამ პოლიტიკის შენარჩუნება პირდაპირპროპორციულია ქვეყნის შიგნით ეკონომიკური სტაბილურობისა, დასაველილი ექსპერტების შეფასებით, ვუჩიჩი ოსტატურად თამაშობს ორ ფრონტზე. შიდა აუდიტორიისთვის ის პოზიციონირებს როგორც „ძლიერი ლიდერი", რომელიც ეროვნულ სუვერენიტეტს იცავს.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×