რეზონანსი
08.08.2026

გია ბარამიძე, ამ პროცესში არ მონაწილეობდა, როგორც კი შევთანხმდებოდით გაცვლაზე (ტყვეების), გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი, ჩამოდიოდა და ესწრებოდა გაცვლებს, ანუ მისი ჩართულობა უფრო ფორმალური იყო ვიდრე, რეალური, ამიტომ მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა ის, რაც განაცხადა, - ამის შესახებ ექსპერტმა პაატა ზაქარეიშვილმა ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებაზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მისცა ჩვენება.

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა აღნიშნა, ამ განცხადების გამო, არ მიაჩნია, რომ ბარამიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას, „ბოდიშიც მოიხადა და მეც ვეცადე, რაღაცნაირად მეთქვა, რომ ასე ნამდვილად არ იყო, მაგრამ რომ ყოფილიყო, მას ეს არ ეცოდინებოდა, ვერ ეცოდინებოდა“. როგორც ზაქარეიშვილი განმარტავს, ბარამიძის განცხადება რეალობიდანაა ამოვარდნილი, თუმცა, მან როგორც პოლიტიკოსმა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს.

„გამოკითხვა უაღრესად კორექტულად, ურთიერთპატივისცემის ფორმატში ჩატარდა, კითხვები ის იყო, რასაც ზოგადად სვამთ ხოლმე. მთავარი მომენტია, რამდენად შეეძლო გიას სცოდნოდა ის, რაც განაცხადა, რამდენად ეფუძნება რაღაც საფუძველს, ვინაიდან მე ვიყავი მთელი ომის განმავლობაში სოხუმში... ყველაფერი არეული იყო, 90-იანი წლები იყო, სულ სხვა სიტუაცია იყო, კომისია ერქვა რაღაცას და კომისია არ იყო, ადამიანები იყვნენ, რაღაც სტატუსი ჰქონდათ და სინამდვილეში სტატუსი არ ჰქონდათ, ყველაფერი არეული იყო, მე ვიყავი კოორდინატორი, თუმცა, ხელმძღვანელად ვითვლებოდი იმ ჯგუფისა, კომისიისა, რომელიც ყოველდღიურად მუშაობდა ტყვეთა გაცვლაზე, მოლაპარაკებებზე, დევნილების გამოყვანაზე, გადმოსვენებაზე - ჰუმანიტარულ საკითხებზე. ამ კონტექსტში, ომის დასაწყისში, გია ბარამიძეც იყო ამ კომისიის წევრი, მაგრამ სულ მალე გახდა პარლამენტის წევრი და უკვე ყოველდღიური მუშაობიდან ამოვარდა, თბილისში იყო, მე სულ სოხუმში ვიყავი, მეტიც, ამ კომისიამ საბოლოო ჯამში ფუნქცია დაკარგა, რაც შევარდნაძემ გამოსცა განკარგულება, სანდრო კავსაძე იყო თავმჯდომარე, ბარამიძე იყო მოადგილე, მე ვიყავი წევრი, ოცამდე ადამიანი ვიყავით, ტიპური საბჭოთა კომისია იყო. ადგილზე, სოხუმში შეიქმნა კომისიასავით, სამუშაო ჯგუფი დავარქვათ ამას, გია ყარყარაშვილმა მომცა ოთახი. გია ბარამიძე, ამ პროცესში არ მონაწილეობდა, როგორც კი შევთანხმდებოდით გაცვლაზე[ტყვეების], გია ბარამიძე, როგორც პარლამენტის წევრი ჩამოდიოდა და ესწრებოდა გაცვლებს, ანუ მისი ჩართულობა უფრო ფორმალური იყო ვიდრე რეალური, ამიტომ მას არ შეიძლებოდა სცოდნოდა ის, რაც განაცხადა. ეს განცხადება არის წმინდა მისი აზრი, მოსაზრება აბსოლუტურად ამოვარდნილი რეალობიდან, ამის დადასტურება მინდოდა ამ გამოკითხვაზე. შეუძლებელია მისი განცხადება შეესაბამებოდეს სინამდვილეს. მთავარი სიმართლე, ერთადერთი, რაც თქვა გიამ - დისციპლინა ჩვენთან უფრო სუსტი იყო, ვიდრე აფხაზურ მხარესთან. ამას მართლაც ვეთანხმები, იქაურობა რუსული ჯარის ყაიდაზე იყო და უფრო მკაცრი დისციპლინა იყო, მაგრამ ამას არავითარი საერთო არ ჰქონდა ტყვეებთან. აფხაზურ მხარეს მართლა აჰყავდა მეტი ტყვე და არა იმიტომ, რომ დისციპლინა იყო მაგარი, არამედ იმიტომ რომ ტერიტორიებს იკავებდნენ, ჩვენ არც ერთი მსხვილი დასახლება არ აგვიღია. აფხაზებმა რუსებთან ერთად აიღეს მთელი გაგრის რაიონი და ბიჭვინთა... საბოლოო ჯამში მთელი აფხაზეთი დავკარგეთ - სოხუმი და გამოვედით. მათ ჩვენზე მეტი პატიმრები, ტყვეები, მძევლები ჰყავდათ მხოლოდ იმიტომ, რომ ტერიტორიებს იღებდნენ და ამ ტერიტორიებზე შერჩებოდათ ხელში ადამიანები. თამამად შემიძლია გითხრათ, აფხაზური მხრიდან უფრო მეტი ადამიანია ასეთ პირობებში დახოცილი, ვიდრე ქართული მხრიდან“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

კითხვაზე, რას ემსახურებოდა ბარამიძის განცხადება, ან შეიძლება თუ არა მან დაძაბულობა გამოიწვიოს, ზაქარეიშვილმა უპასუხა:

„სულ ერთადერთი შემთხვევა იყო სოხუმში, როცა ცოლ-ქმარი ოჯახში იყო მოკლული, გუდაუთაში ეს რეგულარულად ხდებოდა, მთელ ქართულ სოფლებში... კვირა არ გავიდოდა, ვიღაც არ მომკვდარიყო, როგორც წესი, თუ მისი შვილი იბრძოდა ქართულ მხარეს, ამას იგებდნენ და კლავდნენ მამას. ადამიანები ვართ ჩვენ, შეცდომები მოგვდის, იდეალურები არავინ ვართ და ამ ფონზე, მითუმეტეს, როცა ბოდიში მოიხადა, მე მგონი, რომ მართლმსაჯულება უფრო უნდა იყოს... მაგრამ პოლიტიკოსია და პოლიტიკოსმა პოლიტიკური ფასი უნდა გადაიხადოს, არჩევნებში ამას ვიღაც შეახსენებს, ამის გარეშე არ მოხდება, მაგრამ მორალურად მე მგონი, მიხვდა, რომ რაღაც არასწორად თქვა“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×