
„სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ. შეეგუეთ ამ ყველაფერს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისის“ თავმჯდომარე ვიქტორ ყიფიანის მიერ ახალი პარტიის დაფუძნების ფაქტს. მისი თქმით, ყიფიანი კარგი მაგალითია იმისა, რომ საქართველოში არსებობს აგენტურული ქსელი, რომლის წარმომადგენლებიც დავალებებს გარედან იღებენ.
„ეს ადამიანი ძალიან კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ ემსახურებიან „დიფ სთეითს“ თავისი წარსულითა და საქმიანობით. არაფერი იმალება, ყველაფერი ცხადი და ნათელია. საქართველოს ხელისუფლება გადადგამს ისეთ ნაბიჯებს და გაატარებს ისეთ პოლიტიკას, სადაც, პირველ რიგში, ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის ინტერესები იქნება დაცული. ეს არის რეალობა და ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ მომავალშიც განაგრძობს თავისი ქმედებებითა და ნაბიჯებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე განმარტებით, დასრულდა ის დრო, როდესაც ქართველი ხალხის ნაცვლად გადაწყვეტილებებს სხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებდნენ.
„ქვეყანაში არჩევნები ტარდება სამართლიანად და ყველა პოლიტიკურ სუბიექტს აქვს შესაძლებლობა, საკუთარი საარჩევნო კამპანია აწარმოოს. რა თქმა უნდა, აგენტურა შეზღუდული იქნება მომავალშიც. სხვა ქვეყნის წარმომადგენლები ჩვენი ქვეყნის შიგნით პოლიტიკას ვერ გააკეთებენ. შეეგუეთ ამას, რადგან ეს ყველაფერი დარჩა წარსულში. ასევე ისიც, ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენელი ან პოლიტიკოსი რაღაც განცხადებას გააკეთებდა სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, ამას სრულ ჭეშმარიტებად და 100%-იან მოცემულობად ვიღებდით. ეს ვეღარ იქნება. დაივიწყეთ“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
კითხვაზე - ახალი პარტია არის თუ არა ანგარიშგასაწევი, კახა კალაძე პასუხობს, რომ ყველამ კარგად იცის, ვინ საიდან ფინანსდება და ვის დავალებებს ასრულებს.
„ქვეყანაში გვყავს აგენტურის წარმომადგენლები, რომლებიც იმართებიან გარე ძალებით. მათ ჰყავთ გარე პატრონები, იღებენ მითითებებს, დავალებებს და მოქმედებენ შესაბამისად. რა თქმა უნდა, ყველაფერი გარკვეულია და ცხადია. ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცით, ვინ რითი სუნთქავს, ვინ საიდან ფინანსდება, ვის რა მითითებებს აძლევენ“, - განმარტა კახა კალაძემ.