რეზონანსი
04.08.2026

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურასთან თანამშრომლობით უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი პირი დააკავეს. ამავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდება წარედგინა კიდევ სამ ფიზიკურ და სამ იურიდიულ პირს.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, შესაბამისი ლიცენზიის გარეშე, ქვემო ქართლის რეგიონში, მდინარე მტკვრიდან, სისტემატურად მოიპოვებდნენ ინერტულ მასალას, რომელსაც შემდგომ სხვადასხვა მეწარმე სუბიექტზე რეალიზაციას უწევდნენ.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ უკანონოდ იქნა მოპოვებული 343 608 კუბური მეტრი ინერტული მასალა, რომლის ღირებულება 2 138 771 ლარს შეადგენს. აღნიშნული ქმედებით გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 2 235 507 ლარი შეადგინა.

ამასთანავე, ბრალდებულებმა უკანონო საქმიანობის შედეგად მიღებული, 2 138 771 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მოახდინეს.

საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, რაც სასჯელის სახედ 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×