
„ნაცმოძრაობაში“ სრული კრიზისია, რომლის მიზეზია არა მხოლოდ პიროვნული ამბიციების შეჯახება, არამედ ეს კიდევ უფრო ღრმა პრობლემის მაჩვენებელია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებებს გარედან იღებენ.
„პარტიაში თავმჯდომარე ვინ იქნება, ეს მიხეილ სააკაშვილის ახირებებზეა დამოკიდებული. ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პარტიას ნორმალური რესურსი არ აქვს, რათა პოზიტიური პოლიტიკური დღის წესრიგი ჰქონდეს და თავისი შიდაპარტიული კომუნიკაცია გამართული იყოს. ეს ყველაფერი მრავალწლიან საბოტაჟზე აგებული პოლიტიკის შედეგია, რომელიც პარტიას შიგნით დაუბრუნდა. ის, რასაც ისინი საქართველოსთვის აკეთებდნენ და იმეტებდნენ საბოტაჟის კუთხით, დღეს ამის მსხვერპლი თავად გახდნენ. ვინც ხმას „ნაცმოძრაობას“ აძლევდა, მათი რაოდენობა დრამატულად შემცირდება. ვინ გააყალბა ოქმი და ვის არ შეატყობინეს პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარების თარიღი, ეს ამომრჩეველს აჩვენებს, რომ ამ პარტიამ ნდობის ყოველგვარი რესურსი დაკარგა. პარტიის განახლება სამკვდრო-სასიცოცხლო დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამ ჯიჯგვნაში რომელი დაჯიჯგნის, თუ ეს არის რეფორმა და განახლება, ეს ამომრჩეველმა შეაფასოს. ის, რომ „ნაცმოძრაობა“ ერთ-ერთ მთავარ ამრევად რჩება, ეს ფაქტია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, თინა ბოკუჩავამ განაცხადა, რომ პარტიის 30 ივლისის პოლიტსაბჭოს სხდომას 130-დან მხოლოდ 40-მდე ადამიანი ესწრებოდა. მისი თქმით, იმისთვის, რომ სხდომა იყოს უფლებამოსილი გადაწყვეტილებების მისაღებად, ის უნდა იყოს ლეგიტიმური.