რეზონანსი
03.08.2026

„მთა იყო და არის საქართველოს გადარჩენა. ყოველთვის, როცა მტერი შემოგვესეოდა, მთა ინახავდა ჩვენს ხალხს, ერს, კულტურასა და დამწერლობას. აჭარის მთებმა, ურთულეს ვითარებაში, სამი საუკუნის განმავლობაში ქართველობა შეინარჩუნა, მოიტანა დღემდე. დღევანდელი დღე ცოცხალი ხიდია წარსულსა და აწმყოს შორის. მინდა, ყველას მოვუწოდო, ამობრძანდნენ ბეშუმში, გოდერძიზე, დაისვენონ ხულოს მუნიციპალიტეტში. ჩვენ ასე ვამბობთ: „რომ ქართულად ძგერდე, გულო, ხულო უნდა ინახულო“, - ამ სიტყვებით მიმართა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ, ბეშუმში, „შუამთობის“ სახალხო დღესასწაულზე შეკრებილ საზოგადოებას.

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, საქართველოსა და აჭარის მთავრობების, საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, კოლეგებსა და სასულიერო პირებს, რომლებიც ტრადიციულად, ყოველწლიურად, ბეშუმში ესწრებიან ტრადიციულ სახალხო დღესასწაულს და განსაკუთრებულ პატივისცემას გამოხატავენ აჭარის მთიანეთისა და ადგილობრივი მოსახლეობის მიმართ.

„შუამთობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით, ბეშუმში მთელი დღის განმავლობაში კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებები გაიმართა. პროგრამა მოიცავდა დოღს, ქართულ ჭიდაობას, მკლავჭიდსა და ტრადიციულ ნიშნობის ცერემონიას. გაიმართა გალა-კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლი „ბერმუხა“ და სხვა ფოლკლორული ანსამბლები.

სახალხო დღესასწაულზე, ტრადიციულად, დაჯილდოვდნენ საპატიო ხულოელები. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯილდო ამირან მამუჭაძეს და ნანული აბულაძეს გადასცა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი - მიხეილ ყაველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი - ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი - სულხან თამაზაშვილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - გეკა გელაძე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე - ზურაბ პატარაძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრები, საქართველოსა და აჭარის აღმასრულებელი, საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ადგილობრივი მოსახლეობა და მუნიციპალიტეტის სტუმრები.

„შუამთობის“ დღესასწაული ბეშუმში ყოველი წლის აგვისტოს პირველ შაბათ - კვირას აღინიშნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×