რეზონანსი
01.08.2026

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ესპანურ სეუტაში უკანონოდ შეღწეული მიგრანტების უმეტესობა მაროკოში დააბრუნეს. მისი განცხადებით, არცერთ არალეგალ მიგრანტს ესპანეთის კონტინენტურ ნაწილში ან ევროკავშირის სხვა ტერიტორიაზე არ შეუღწევია.

„სატელეფონო საუბარი გავმართე ეროკომისრებთან - მაგნუს ბრუნერსა და დუბრავკა შუიცასთან, რათა სეუტაში არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიმეღო. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ უკანონოდ ჩასული ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა ესპანეთისა და მაროკოს სამართალდამცავი ორგანოების ეფექტიანი მუშაობის შედეგად მაროკოში დაბრუნდა. ესპანეთის კონტინენტურ ნაწილამდე ან ევროკავშირის სხვა ქვეყნამდე არცერთ მათგანს არ მიუღწევია“, - დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

მისი თქმით, აღნიშნულმა კრიზისმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ყველა მნიშვნელოვან გამშვებ პუნქტზე სიფხიზლე შეინარჩუნოს. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა მომხდარის საფუძვლიანი ანალიზი, რათა ევროპის მდგრადობა კიდევ უფრო გაძლიერდეს.

„ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი ევროპული საზღვრების ეფექტიანი კონტროლი. ჩვენ ძლიერი სისტემა გვაქვს, თუმცა მისი კიდევ უფრო გაძლიერებაა საჭირო. აუცილებელია, ყველა მნიშვნელოვან შესასვლელ პუნქტზე სიფხიზლე შევინარჩუნოთ და ყველა პასუხისმგებელ უწყებას შორის მჭიდრო კოორდინაცია უზრუნველვყოთ. ამასთან, საჭიროა მომხდარის საფუძვლიანი ანალიზი, რათა ევროპის მდგრადობა კიდევ უფრო გავაძლიეროთ. ევროკომისიამ ესპანეთს მხარდაჭერა კრიზისის პირველივე წუთებიდან შესთავაზა. რამდენიმე ლიდერის წერილი მივიღე და მივესალმები საგანგებო ვიდეოკონფერენციის ჩატარების მოწოდებას, რათა მომხდარი ერთობლივად შევაფასოთ. უკანონო მიგრაციასთან ბრძოლა სოლიდარობასა და ევროკავშირის ერთიან პასუხს მოითხოვს“, - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×