რეზონანსი
29.07.2026

მდინარაძემ რა კონტროლი უნდა დაამყაროს რეგიონებში, მე მყავს პარლამენტში ნაცემი , - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ანა წითლიძემ განაცხადა, რითაც ეხმაურება პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც - საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს.

„პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანა წითლიძემ განაცხადა, რომ რეგიონებში სიტუაციას ისედაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აკონტროლებს და რთულია გაიგო ახლა „რას ფაფხურობენ“.

„არ ვიცი, რას ფაფხურობენ, ძალიან რთულია. მდინარაძემ რა კონტროლი უნდა დაამყაროს რეგიონებში, მე მყავს პარლამენტში ნაცემი. კონტროლს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამყარებს. მდინარაძეს ვინ ეკითხება, თუ ვინმეს გაკონტროლება სჭირდებათ რეგიონებში, ამ მხრივ მართლა უბედურება ხდება, ყველას უთვალთვალებენ, სოციალურად დაუცველებს უმოწმებენ, გამარჯობა არ უთხრან ოპოზიციონერს, დაფინანსება რომ სჭირდებათ საავადმყოფოში, იმას ეკითხებიან, ნაცია თუ ქოცი“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

ანა წითლიძის თქმით, რეალურად ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მამუკა მდინარაძის მოშორებას.

„იმის ნაცვლად, რომ კომპეტენტურ, პროფესიონალ კადრებს ვეძებდეთ რეგიონულ პოლიტიკაზე და დეცენტრალიზებაზე ვმუშაობდეთ, კონცეფციასა და შემდეგ ამის განხორციელებაზე, მთელი აპარატი დაკავებულია იმით, რომ რაღაცნაირად მამუკა მდინარაძე ათრიონ, მისთვის თუ ბიძინასთვის სასურველ ადგილზე დასვან, მაგრამ დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რეალურად ეს არის სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავს მამუკა მდინარაძის მოშორებას. ასე დაიწყო ლილუაშვილზეც, რეგიონული განვითარების უწყებას ვუხსნითო და ერთ თვეში გაუშვეს ციხეში“, - განაცხადა ანა წითლიძემ.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს .

პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძის თმქით, მამუკა მდინარაძე კვლავაც შეითავსებს საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობას.

ამასთან, პრემიერის თქმით, ამ დროის განმავლობაში გაწეული სამუშაო იძლევა შესაძლებლობას, სამართალდამცავი სტრუქტურების ეფექტიანი კოორდინაცია და მუშაობა მომავალში სახელმწიფო მინისტრის საგანგებო თანამდებობის გარეშე იქნას უზრუნველყოფილი. შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კანონით სექტემბრის პირველ კვირაში გაუქმდება, მანამდე კი ვაკანტური დარჩება.

ასევე, პრემიერის თქმით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღების პირობებში, არსებითად დანიშნულებას კარგავს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტრო და შესაბამისად ისიც სექტემბერში გაუქმდება.

რეგიონული განვითარების მოქმედი მინისტრი, კახა გულედანი დაიკავებს საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ხოლო სექტემბრის პირველ კვირამდე, მამუკა მდინარაძე დაიკავებს საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის თანამდებობას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×