რეზონანსი
29.07.2026

რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ერთი მხრივ, პატივია, მეორე მხრივ კი, ძალიან დიდი გამოწვევა, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძემ მადლობა გადაუხადა გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში მუშაობდა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, იმ გუნდს, რომელთანაც ბოლო თვეების განმავლობაში ვიმუშავე. ძალიან გულწრფელად გეტყვით – რამდენადაც თავაწეული მივდივარ იმ პოზიციიდან, იმდენად თავაწეული ვიქნები და ვიმუშავებ ახალ პოზიციაზე. დიდი მადლობა, გამოწვევა მიღებულია, ბატონო პრემიერო“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძის თქმით, რეგიონების გაძლიერება ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„ბევრი გვისაუბრია ამაზე, რომ რეგიონები დღეს ჩვენთვის არის განსაკუთრებული პრიორიტეტი და გამოწვევას ვარქმევ მე არა მხოლოდ ამიტომ, იმიტომაც, რომ ამ მიმართულების გაძლიერება ერთი მხრივ, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, გამოწვევასთან ერთად, ასევე არის ერთი ძალიან კარგი მიზანი საიმისოდ, რომ ჩვენს რეგიონებში კიდევ უფრო სწრაფად, თუ რაიმე მიზანი გვაქვს დასახული, აღვასრულოთ და მართლა იყოს ეფექტიანი.

ამ გამოწვევის გამკლავებასთან ბრძოლაში მე შევეცდები, მთელი ჩემი გამოცდილება მოვახმარო ჩემს გუნდს და ქვეყანას. როგორც აქამდე ვაკეთებდი ამას, დარწმუნებული ვარ, ასე გამომივა და გუნდის ლიდერების ნდობით ამ ყველაფერს შევძლებ. მადლობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, სუს-ის, ყველა სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს, სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის წარმომადგენლებს. იქ მუშაობენ გმირები, ადამიანები, რომლებიც დღე და ღამეს ათენებენ, რათა სახელმწიფოს ემსახურონ და თავისი წვლილი შეიტანონ ქვეყნის განვითარებასა და აღმშენებლობაში. ჩემს ახალ თანამშრომლებს, თუ ახალ გამოწვევაში თანამებრძოლებს, ვპირდები, რომ მათთან ერთად ვიბრძოლებ დაუღალავად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×