
ესპანეთში, ბარსელონის მეტროში ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 100-ზე მეტ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მგზავრების ევაკუაცია საგანგებო სამსახურების დახმარებით განხორციელდა, რის შემდეგაც მეხანძრეებმა ხანძრის ლიკვიდაცია შეძლეს.
ევაკუირებული 120 მგზავრიდან 115-მა ჯანმრთელობის პრობლემებზე მიუთითა, მათგან 20 კი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო ბარსელონის სახანძრო სამსახურის 22 ეკიპაჟი და სასწრაფო სამედიცინო დახმარების 24 ბრიგადა.
ბარსელონის მეტროპოლიტენის აღმასრულებელი დირექტორის, ხავიერ ფლორეს გარსიას თქმით, მეტროს გვირაბში ცეცხლი 17:30 საათზე მატარებლიდან შენიშნეს. მისი თქმით, ხანძარი გვირაბის საფარის ნაწილის მოწყვეტამ გამოიწვია.
მომხდარის გამო „გლორიესის“ სადგური დაიხურა, ხოლო „კლოტის“ სადგურზე მატარებლების მოძრაობა შეჩერდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.