
ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი გახლავთ. აუცილებელია ალტერნატიული წყაროები, აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია, - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა ლანა გალდავამ ელექტროენერგიის გათიშვასთან დაკავშირებით განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს და თუ ავარია მოხდა, ამის შესახებ მოსახლეობა ინფორმირებული უნდა ყოფილიყო.
„გუშინდელმა ფაქტმა დაგვანახა, რომ შიშისგან დაზაფრულ მოსახლეობას არ მიეწოდა ინფორმაცია, რა მოხდა, რატომ ჩაქრა შუქი მთელ საქართველოში. არ მიუვიდათ ტექსტური შეტყობინებები, არ გაკეთებულა ოფიციალური უწყებების მხრიდან არანაირი კომენტარი. დღესაც არ ვიცით, რეალურად, რა მოხდა საქართველოში. ამ ფაქტმა კიდევ ერთხელ დაგვანახა ინფრასტრუქტურული და ძალიან მნიშვნელოვანი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობის აუცილებლობა. ენერგეტიკული უსაფრთხოება ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საფუძველი გახლავთ. აუცილებელია ალტერნატიული წყაროები, აუცილებელია ბაზრების დივერსიფიკაცია და ის, რომ მოსახლეობა ყოველთვის იყოს საქმის კურსში, ჰქონდეს ინფორმაცია, როგორ იმოქმედოს. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს და თუ მოხდა ავარია, ამის შემდეგ მოსახლეობას უნდა ჰქონდეს ის ინფორმაცია, რაც მისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა გალდავამ.
ცნობისთვის, ელექტროენერგია 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათიდან გაითიშა როგორც თბილისში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებში. რაც შეეხება დენის გათიშვის მიზეზს, სახელმწიფო ელექტროსისტემაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზების დადგენა, რის შესახებაც საზოგადოებას დამატებით მიაწოდებენ ინფორმაციას.