
სერგეი ლავროვმა მარკო რუბიოსთან შეხვედრაზე უკრაინის კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოსაგვარებლად რუსეთის მზადყოფნა დაადასტურა, - ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსთან მოლაპარაკებებზე აღნიშნა, რომ მოსკოვი აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის ანკორიჯში მიღწეული შეთანხმებების ერთგულია.
ასევე, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლავროვმა რუბიოს ფრონტის ხაზზე არსებული ვითარების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ლავროვმა და რუბიომ რუსეთისა და აშშ-ის დიპლომატიური მისიების მუშაობის პირობების ნორმალიზების საკითხიც განიხილეს.
ფილიპინებში გამართულ შეხვედრაზე სერგეი ლავროვმა და მარკო რუბიომ საერთაშორისო საკითხებზეც ისაუბრეს.
„განხილულ იქნა რეგიონული და საერთაშორისო საკითხები, მათ შორის სპარსეთის ყურეში არსებული ვითარება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.