რეზონანსი
23.07.2026

ვერაზე მომხდარი რამდენიმე გასროლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა. 17-18 წლის ბიჭები და ერთი ქალი. როგორც ამბობენ, დაჭრილი ქალი შემთხვევითი გამვლელია. დაჭრილები სასწრაფოდ კლინიკაში გადაიყვანეს. მათ შორის ერთი არასრულწლოვანი კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

"კვირის პალიტრა" დაუკავშირდა კაფე „ზილიკოს“ თანამშრომელს. ის მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს კაფედან დაიწყო კონფლიქტი არ ადასტურებს:

“კაფეში ჩვენთან შემოვიდა ქალი, შეშინებული იყო, გვთხოვა, თავს შევაფარებო. ძაღლს ასეირნებდა და ამ დროს რომ გაიგო სროლის ხმები, ჩვენთან შემოვიდა, სხვაგან ვერსად შევაფარე თავი, უნდა მიშველოთო და შემოვიდა. ეს ქალი რომ შემოვარდა შეშინებული, მაგაზე მივხვდით, რომ აშკარად სროლის ხმა იყო... ზუსტი რაოდენობა არ ვიცი, მაგრამ 10 გასროლა მაინც იქნებოდა. მერე მივხდით უბრალოდ ასაფეთქებლის ხმა ეს არ იყო. ძალიან მალე მოვიდა პატრული და სასწრაფოს ორი მანქანა, როგორც ვიცი, დაჭრილები გადაიყვანეს. სხვა ვერაფერი გავარკვიე, ვცდილობდი გამერკვია მეტი დეტალი, მაგრამ ვერ შევძელი. 

იმდენად ვინერვიულე, ცუდად გავხდი. დაჭრილი ბიჭები ვინ არიან არ ვიცი. ამ ქალბატონმა ასე გვითხრა ორი თუ სამი ბიჭი იყოო. სასწრაფოებით წაიყვანეს დაჭრილები. ალბათ საღამოს 10 საათი იყო, ეს ამბები რომ ხდებოდა, არც დაჭრილებზე მაქვს ინფორმაცია, არ ვიცი უბნელები არიან თუ არა”, - გტანაცხადა კაფეს თანამშრომელმა და ინფორმაციას, რომ თითქოს კაფედან გასულმა ადამიანმა დაჭრა ისინი, არ ადასტურებს:

"მეც წავიკითხე სოციალურ ქსელში, წერდნენ, ჩვენს კაფეზე, თითქოს იქიდან გასულმა ადამიანმა ისროლა, მაგრამ ვინც იყო ჩვენთან კაფეში ყველა აქ იყო ისედაც, არც გასულა არავინ. სროლა ცოტა ზემოთ იყო, იქ რა მოხდა, არ ვიცი... პატრულზე და სასწრაფოზე მივხვდი. რომ რაღაც ვერ იყო კარგად. სხვა არაფერი ვიცი”, - აღნიშნა მან.

ერთ ერთი მანქანა, რომელიც დაზიანდა, ტაქსია. მძღოლს მგზავრები გადაჰყავდა და ამ დროს მოულოდნელად ბრმა ტყვიამ მის მანქანაში შეაღწია:

"ჩემი მეუღლე მძღოლია, ორი ადამიანი გადაჰყავდა რა დროსაც სროლა მომხდარა. დამირეკა და მითხრა, არ შეგეშინდეს თუ ვერ გიპასუხებ, ალბათ ფაქტის მოწმეებს დაგვკითხავენ და შეიძლება ვერ გიპასუხოო. შოკი მაქვს, სასწაულებრივად გადარჩა, ჩემი მეუღლის მანქანას მოხვდა ორი ტყვია, მადლობა უფალს, რომ გადარჩა, სხვა არაფერი ვიცი, “ - ამბობს ერთ ერთი დაზიანებული მანქანის მფლობელის მეუღლე.

წყარო: კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×