
სინგაპურში ვიზიტის ფარგლებში შესაძლებლობა გვქონდა, შეხვედრა გაგვემართა ადგილობრივ და გლობალურ წამყვან ფინტექ კომპანიებთან, რომლებსაც წარვუდგინეთ ჩვენი ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და შესაძლებლობები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
მარიამ ქვრივიშვილის თქმით, ვიზიტის ფარგლებში საინტერესო შეხვედრები შედგა სინგაპურის საინვესტიციო სექტორის წარმომადგენლებთან, სადაც მათ საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და საქართველოში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.
„ჩვენ ამომწურავად ვისაუბრეთ სხვადასხვა ინვესტორებთან, ისევე როგორც ჩვენს კოლეგებთან იმ შესაძლებლობებზე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ქმნის საქართველოში საინვესტიციო მიმართულებით. განსაკუთრებული აქცენტი და ინტერესი გამოიწვია ანაკლიის ღრმაწყლოვანმა პორტმა და იმ განახლებულმა მოდელმა, რომელიც საქართველოს მთავრობამ სულ ცოტა ხნის წინ დააანონსა“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი სინგაპურში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.