რეზონანსი
21.07.2026

იმედია, კარტოზია იქნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ელჩი და არა „ოცნების“ ელჩი გერმანიის სახელმწიფოში, – ამის შესახებ პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, ტატა ხვედელიანმა განაცხადა.

რაც შეეხება საკითხს, რომ საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია 23 ივლისს გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს გადასცემს, ხვედელიანის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ათი თვის დაგვიანებით ხდება ეს.

„ეს გახლავთ პროტოკოლური პროცედურა და სამწუხაროა, რომ ათი თვის დაგვიანებით ხდება. ალბათ ამაზეც კითხვა უნდა დაისვას. იმედია, კარტოზია იქნება ჩვენი ქვეყნის, საქართველოს ელჩი და არა „ოცნების“ ელჩი გერმანიის სახელმწიფოში. დღესდღეობით „ოცნება“ საკუთარი ნაბიჯებით, აგრესიული რიტორიკით, განსაკუთრებით გერმანიის სახელმწიფოსთან, ჩვენი ქვეყნის დამაზიანებელ, ჩვენი ქვეყნისთვის იზოლირების მომტან პოლიტიკას აწარმოებს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, აღდგეს ურთიერთობები, რომლებიც იქნება ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ჩვენი მოქალაქეების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

ტატა ხვედელიანს ასევე კითხვა დაუსვეს, რამდენად პოზიტიური გზავნილია, რომ გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდიდან წაიშალა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილი – საქართველოს მოქმედ პრეზიდენტად, ილია დარჩიაშვილი კი საგარეო საქმეთა მინისტრად იყო მითითებული?

ხვედელიანის თქმით, „ურთიერთობების ნამდვილ აღდგენას უნდა დაველოდოთ“.

„დღესდღეობით ჩვენს ქვეყანას რომ საგარეო ვექტორი საერთოდ არ აქვს, კომპეტენციის ნაკლებობაა სამთავრობო გუნდში, ეს არის „ოცნების“ დამსახურება. „ოცნების“ დამსახურებაა, რომ ჩვენი ქვეყნის მიმართ არსებობს უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვა, მწვავე შეფასებები. მათ კრიტიკულ შეკითხვებზე არ სურთ პასუხების გაცემა, არ სურთ პასუხისმგებლობის აღება იმ ყველაფერზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ახლა ვსდიოთ რაღაც ვებგვერდებს, დაიდო თუ არა იქ ინფორმაცია და შემდეგ ურთიერთობების აღდგენად გავასაღოთ – რა თქმა უნდა, ეს „ოცნებისთვის“ სასარგებლო მოცემულობაა, თუმცა ჩვენ ამას ურთიერთობების აღდგენად ვერ გავასაღებთ. „ოცნება“ ფიქრობს ერთს, აკეთებს მეორეს და მისი გაკეთებული შემდეგში აზიანებს  ეროვნულ ინტერესებს. აქედან გამომდინარე, უნდა დაველოდოთ ურთიერთობების ნამდვილ აღდგენას. „ოცნების“ პირობებში ამის წინაპირობა არ არსებობს, რადგან ეს ადამიანები მუდმივად აზიანებენ ჩვენს საგარეო ურთიერთობებს“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე ინფორმაციის წაშლასთან დაკავშირებით დასმულ კიდევ ერთ კითხვას, ხომ არ შეიძლება, პეტერ ფიშერის წასვლა იყოს ამ ნაბიჯის მიზეზი, ხვედელიანმა უპასუხა, რომ ამას გამორიცხავს.

„რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ. „ოცნება“ აგებს საკუთარ პოლიტიკას და მართავს ქვეყანას პერსონალიებზე დაყრდნობით. დემოკრატიულ და ნორმალურ ქვეყნებში, როგორიც გერმანიაა, ასე არ ხდება, ასეთი პროცესები არ არის პერსონალიზებული. „ოცნების“ მცდელობაა, ნებისმიერი პროცესი საკუთარი სარგებლისთვის გაასაღოს. ეს პროცესი ვერ გასაღდება ურთიერთობების აღდგენად, გადატვირთვად, რადგან ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას ახსოვს რეალური წარმატებული საგარეო პოლიტიკა, საგარეო ურთიერთობები, რომლებიც ჩვენი მოქალაქეების სასიკეთოდ იყო გამოყენებული. „ოცნება“ კი საკუთარი პოლიტიკით აზიანებს ჩვენს ქვეყანას, ეროვნულ ინტერესებს და ეს არის ყველაზე ანტიქართული, ანტიევროპული ხელისუფლება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. როგორ შეიძლება, გერმანია-საქართველოს ურთიერთობებში ელჩის მხრიდან იყოს რაიმე დაბრკოლება? მისი სამუშაოა, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობები იყოს დალაგებული, ის ყველაფერს აკეთებს ამისთვის. ამ დროს ვხედავთ, რომ „ოცნება“ აგრესიული რიტორიკით, პირდაპირი შეურაცხყოფებით, პოლიტიკური გზავნილებით, რომლებიც მხოლოდ „ოცნებას“ აწყობს, აზიანებს ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ჩვენს ქვეყანას, მოსახლეობას“, – განაცხადა ტატა ხვედელიანმა.

საქართველოს ელჩი ალექსანდრე კარტოზია გერმანიის პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელებს 23 ივლისს გადასცემს.

პეტერ ფიშერი საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე 2022 წელს დაინიშნა. აღნიშნულ თანამდებობაზე მან ჰუმბერტ ქნირში შეცვალა. ფიშერმა საქართველოში გერმანიის ელჩის თანამდებობაზე მუშაობა 2026 წლის ივნისში დაასრულა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×