რეზონანსი
20.07.2026

 სახელმწიფო უწყებების მხრიდან დისკრიმინაციული და დამამცირებელი დამოკიდებულება, მსხვერპლის დადანაშაულება, მტკიცებულებების უგულებელყოფა, მძიმე დანაშაულების განზრახ დაფარვა და დაუსჯელობის სინდრომი - ეს იმ ბრალდებების ნაწილია, რომლებიც ბრიტანელმა კანონმდებელმა ქვეყნის ხელისუფლების მისამართით ტელეეთერში გააჟღერა და არასრულწლოვანი გოგონების გაუპატიურების სკანდალთან დაკავშირებული ახალი დეტალები გაასაჯაროვა.

გაირკვა, რომ დიდ ბრიტანეთში არასრულწლოვანი გოგონების სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგის დანაშაულმა სისტემური ხასიათი მიიღო. პარლამენტისთვის წარდგენილი დამოუკიდებელი ანგარიშით დადასტურდა, რომ ასობით დაუცველი არასრულწლოვანი, მათ შორის მუნიციპალური მზრუნველობის ქვეშ მყოფი გოგონები, ჯგუფური ძალადობისა და გაუპატიურების მსხვერპლი გახდნენ. ოფიციალური დასკვნების თანახმად, სახელმწიფოს რეაგირება, პოლიციის, ადგილობრივი საბჭოებისა და სოციალური სამსახურების მხრიდან, პროფესიულად გულგრილი და სისტემურად არაეფექტური იყო, რამაც დამნაშავეებს დაუსჯელად მოქმედების საშუალება მისცა.

უმძიმესი დანაშაულის ერთ-ერთი კონკრეტული საქმე თემთა პალატაშიც განიხილეს. ოპოზიცია არასრულწლოვანთა სექსუალური ექსპლუატაციის ჯგუფის ლიდერის, შაბირ აჰმედის ქვეყნიდან გაძევებას და მის სამშობლოში დაბრუნებას ითხოვს, თუმცა ბრიტანეთის მოქმედი კანონმდებლობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა. სწორედ ამის გამო, 30 გოგონას გაუპატიურებაში მსჯავრდადებულ პირს სასჯელის მოხდის შემდეგ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილების უფლება აქვს, რაც, ოფიციალური შეფასებით, დანაშაულის განმეორების მაღალ რისკს ქმნის.

სისხლის სამართლის განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის სქემის დეტალები მედიამ კონკრეტული მაგალითების საფუძველზე გამოავლინა. გამოძიების ინფორმაციით, მოძალადეები ქუჩაში იმ მოზარდებს ეძებდნენ, რომლებსაც თავშესაფარი და საკვები სჭირდებოდათ, მხარდაჭერასა და ოჯახურ გარემოს ჰპირდებოდნენ, შემდეგ კი მათ სექსუალურ ექსპლუატაციასა და ტრეფიკინგში ითრევდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×