რეზონანსი
20.07.2026

 უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანამოსაუბრეების ცნობით, ზელენსკიმ ფედოროვს შესაბამისი წინადადება გასულ უქმეებზე წაუყენა. მათ აღნიშნეს, რომ ბოლო ოთხი დღე ზელენსკიმ სამხედრო სარდლობასთან და პოლიტიკურ მრჩევლებთან შეხვედრებში გაატარა და კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობდა.

როგორც წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, უკრაინის პრეზიდენტმა ფედოროვს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში ხელმძღვანელი თანამდებობა შესთავაზა, რაც მასთან პირდაპირ წვდომასა და თავდაცვის სფეროში ინოვაციებისა თუ სამხედრო რეფორმის კონტროლის უფლებამოსილებას ითვალისწინებს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეთავაზებული სქემის მიხედვით, ფედოროვი თავდაცვის ტექნოლოგიების პროგრამებსა და შორი მოქმედების იარაღის წარმოების ზრდას გააკონტროლებდა, რაც მას საშუალებას მისცემდა, რეფორმები თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სარდლობის მიღმაც გაეგრძელებინა. გარდა ამისა, იგი უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფდა.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, ზელენსკიმ ფედოროვთან გასულ უქმეებზე დაახლოებით ექვსსაათიანი შეხვედრა გამართა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან მასთან კავშირი თითქმის ყოველდღიურად ჰქონდა. პრეზიდენტმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს რამდენიმე ალტერნატიული თანამდებობა შესთავაზა, თუმცა მან ყველა წინადადება უარყო.

„ახლა მას [მიხაილო ფედოროვს] დიდი გავლენა აქვს. ის მხოლოდ ერთს ითხოვს: რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღადგინონ", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×