რეზონანსი
18.07.2026

შინაგან საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია "პირველის" გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტს შეეხება.

უწყების განცხადებით, ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს დანაშაული ძალის გამოყენებით აღიარებინეს, სიმართლეს არ შეესაბამება.

სამინისტროში განმარტავენ, რომ თავდაპირველად დაკავებულმა პირმა ჩადენილი დანაშაული სასამართლო პროცესზეც დაადასტურა, რის გამოც შემდგომში მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე დაიწყო:

"გვსურს, გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემის ანონსში გავრცელებულ ინფორმაციას, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ დაჭრის ფაქტს შეეხება.

ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს სამართალდამცველებმა უდანაშაულო პირს ძალის გამოყენებით აღიარებინეს დანაშაული, არ შეესაბამება სიმართლეს.

საზოგადოების სრულყოფილად ინფორმირების მიზნით, განვმარტავთ საქმის ფაქტობრივ გარემოებებს:

მიმდინარე წლის აპრილში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღის გამოყენებით დაჭრეს.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დანაშაულის ადგილიდან დაახლოებით ორ კილომეტრში, პოლიციელებმა შეაჩერეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირი, რომლის პირადი ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს დანა.

აღნიშნული პირი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც მან დანაშაულის ჩადენა აღიარა. მის მიმართ გატარდა კანონით გათვალისწინებული საპროცესო ღონისძიებები, იგი ბრალდებულის სახით დააკავეს, ხოლო ამოღებულ ცივ იარაღზე დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზა და გაგრძელდა საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიების მიმდინარეობისას, დაჭრის ფაქტიდან მეორე დღეს, დუშეთის პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა დაკავებული პირის ნაცნობი, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული დანაშაული თავად ჩაიდინა. მან სამართალდამცველებს ასევე მიუთითა დანაშაულის ჩადენის იარაღის ადგილმდებარეობა.

აღნიშნული პირის მიმართაც დაიწყო შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დაინიშნა საჭირო ექსპერტიზები.

ანონსში გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად თავდაპირველად დაკავებული პირი კვლავ პატიმრობაში იმყოფებოდა, არ შეესაბამება სიმართლეს.

საქმეზე დანიშნულ ექსპერტიზებზე დასკვნები ივლისის თვეში იქნა მიღებული, კერძოდ:

1. ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა (მათ შორის, ცივი იარაღის კვლევა) - 09.07.2026;

2. მასალათა, ნაკეთობათა და მცენარეთა ექსპერტიზის დასკვნა (ტანსაცმელი, მიკრონაწილაკები) - 07.07.2026;

3. დაზარალებულის სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა - 03.07.2026.

დანაშაულის ჩადენის იარაღზე - დანაზე - ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, მოსამართლის განჩინებით, მეორე პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საპროცესო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების მიმდინარეობისას სამართალდამცველების მხრიდან თავდაპირველად დაკავებული პირის მიმართ ძალადობას, იძულებას ან სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ადგილი არ ჰქონია.

იგი თანამშრომლობდა გამოძიებასთან, სამართალდამცველების მიმართ რაიმე სახის პრეტენზია არ გამოუთქვამს და დანაშაულის ჩადენა სასამართლო პროცესზეც დაადასტურა. სწორედ აღნიშნული გარემოებების საფუძველზე, მის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე. შემდგომ, მხარეებს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რის საფუძველზეც მან პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

ასევე, განვმარტავთ, რომ თავდაპირველად მან უარი განაცხადა ადვოკატის მომსახურებაზე, ხოლო მისი ინტერესების დაცვა ადვოკატმა მხოლოდ ივნისის თვიდან დაიწყო," - აღნიშნულია განცხადებაში. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×