რეზონანსი
17.07.2026

როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ბევრი ნაბიჯი გადაიდგა პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის „გამჭვირვალობის კანონი“ იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ.

„საქართველოს მაგალითი ერთ-ერთი საუკეთესოა, როდესაც საუბარი გვაქვს ჩვენ პოლიტიკურ ტერორზე. ჯერ გავიხსენებ 2004-2012 წლის მოვლენებს, როდესაც პოლიტიკური ტერორის ქვეშ იყო ქართველი ხალხი და ამას აკეთებდა სწორედ გარედან მართული აგენტურა, რომელიც ხელისუფლებაში იყო მაშინ ჩვენს ქვეყანაში. მის შემდეგაც, განსაკუთრებით რომ ავიღოთ ბოლო წლები, 2020 წლის ბოლოდან პერიოდი, მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ არის ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მოსახლეობა. რა პროცესები გამოვიარეთ - რევოლუციის მარტო ხუთი მცდელობა გამოვიარეთ. ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. როდესაც ოთხი წლის განმავლობაში გაქვს ქვეყანაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, საიდანაც ოთხი არის ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამით არის მუდმივად დაკავებული აგენტურა, რომელსაც თავის დროზე ოპოზიციას ჩვენც ვუწოდებდით, თუმცა ოპოზიციას მათ ვერავითარ შემთხვევაში ვერ ვუწოდებთ. ეს არის ჩვეულებრივი უცხოური აგენტურა, რომელსაც აქვს ერთადერთი დავალება, ერთადერთი დაკვეთა - ეს არის სწორედ ის, რომ მუდმივი პოლიტიკური ტერორის ქვეშ უნდა ამყოფონ საქართველოს მოსახლეობა. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ვერ დავუშვებთ. ჩვენ ბევრი ნაბიჯი გადავდგით ამ პოლიტიკური ტერორის აღსაკვეთად, მათ შორის გამჭვირვალობის კანონი იყო სწორედ კანონი პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. სხვა ნაბიჯები რაც გადაიდგა, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები, სხვადასხვა ტიპის ადმინისტრაციული ნორმების გამკაცრება და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი, მათ შორის ის რეგულაციები, რომლებიც უკავშირდება სიძულვილის გავრცელებას, ეს ყველაფერი არის კანონმდებლობა და ნაბიჯები პოლიტიკური ტერორის წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, როდესაც ჩვენ ვიღებდით გამჭვირვალობის შესახებ კანონს, გამოვიდა წინა ადმინისტრაციის წარმომადგენელი, მაშინდელი ელჩი და განაცხადა, რომ ეს იყო შავი დღე ქართული დემოკრატიისთვის. სუპერ სამშაბათი არის აქეთ და შავი დღე დემოკრატიისთვის - ერთი და იგივე ფარსია ეს სუპერ სამშაბათიც და ეს შავი დღე დემოკრატიისთვის, ერთიც და მეორეც. ესეც პოლიტიკური ტერორის აქტი იყო“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, ის განცხადება, რომელიც გააკეთა მაშინდელმა ამერიკის ელჩმა, კელი დეგნანმა, იყო პოლიტიკური ტერორის აქტი, როდესაც სამარცხვინო ტყუილი აკადრა ქართველ ხალხს და ამით ხელოვნურად წაახალისა რევოლუციური პროცესები ქვეყანაში.

„როდესაც შენს ქვეყანაში ოთხი წლის განმავლობაში გიწყობენ რევოლუციის ხუთ მცდელობას და აქედან ოთხი არის თან ძალადობრივი, ეს სხვა არაფერია, თუ არა პოლიტიკური ტერორი. ამის ერთ-ერთი მაგალითი იყო ელისაშვილის შემთხვევაც, რომელმაც პირდაპირ ტერორისტული აქტი მოაწყო, სასამართლო შენობის დაწვა სცადა და ამის მიმართაც კი იკადრეს თანაგრძნობის გამოხატვა. მათ შორის ევროკავშირის ელჩმაც, რეალურად თუ ჩავუღრმავდებით მის განცხადებას, მან ტერორისტულ აქტს უწოდა რეალურად გამოხატვის თავისუფლების გამოვლინება. სწორ ინტერპრეტაციას თუ გავუკეთებთ მის ამ განცხადებას, მან გაუთანაბრა გამოხატვის თავისუფლებას ტერორისტული აქტი, რომლის მცდელობაც ჰქონდა ელისაშვილს სასამართლო შენობის დაწვის სახით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით სახალხო დამცველის პოზიციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს სუბიექტური მომენტია.

„საზოგადოებამ დაინახა ყველაფერი. რეალურად, ნებისმიერ ქვეყანაში, როდესაც ვიღაც ცდილობს ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუტის შენობის დაწვას, ეს არის თავისი სამართლებრივი თუ პოლიტიკური არსით, ტერორისტული აქტის კვალიფიკაციის მქონე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×