რეზონანსი
15.07.2026

Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ კომპანიის სამომავლო გეგმებზე, ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალსა და საქართველოში არსებულ სატარიფო მოდელზე ისაუბრა.

წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონული დირექტორი, ბოლო დროს საქართველოში გამართულ დარგობრივ დისკუსიებს პოზიტიურად აფასებს და მიიჩნევს, რომ ქვეყანას უზარმაზარი ეკონომიკური პოტენციალი აქვს. მისი თქმით, Aqualia-ს საქართველოში სტაბილური ბიზნესგარემო დახვდა, რაც კომპანიის საქმიანობის წარმატებასა და როგორც ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის, ისე მთლიანად GGU ჯგუფის საერთაშორისო აღიარებებშიც აისახა. ამ მხრივ, მან განსაკუთრებით გამოყო „ჯივიპის“ გაწევრიანება კომუნალური კომპანიების პრესტიჟულ გლობალურ კავშირში - Leading Utilities of the World (LUOW). ბოფილის განმარტებით, ეს აღიარება კომპანიამ საერთო პროდუქტიულობის, წყალმომარაგების ქსელების ეფექტური ოპერირებისა და მდგრადი ფინანსური რესურსების შექმნის კატეგორიებში მოიპოვა, რაც საოპერაციო გაუმჯობესების უმაღლეს სტანდარტზე მიუთითებს.

ხოსე ენრიკე ბოფილმა ინტერვიუში ისაუბრა 2026 წლის ივნისში, ავტორიტეტული სააგენტოების, Fitch-ისა და S&P Global-ის მიერ GGU ჯგუფის საკრედიტო რეიტინგების ამაღლებაზე. მისი შეფასებით, ეს აღიარება პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასთან. ამასთანავე, მან განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოში არსებულ სატარიფო რეგულირების სისტემას და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ მეთოდოლოგიას ხშირად აზიარებს საერთაშორისო კონფერენციებზე, როგორც კერძო სექტორისა და მომხმარებლის ინტერესების დაბალანსების საუკეთესო მაგალითს.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია შესანიშნავად მუშაობს. ჩვენ მათთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, რათა შევიმუშაოთ ისეთი სატარიფო სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც წყალმომარაგების სისტემის განვითარებისთვის საჭირო და აუცილებელ საინვესტიციო ნაკადებს, ისე ხელმისაწვდომ ფასს მოსახლეობისთვის.”

ბოფილის თქმით, Aqualia მუდმივად მზად არის მჭიდროდ ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, მარეგულირებელსა და მუნიციპალიტეტებთან, რათა საკუთარი გლობალური გამოცდილება ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში წყალმომარაგების სექტორის განსავითარებლად მიმართოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×