
ახლო აღმოსავლეთში ვითარება უკიდურესად იძაბება. აშშ-სა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდა, რამაც გლობალური ეკონომიკა და უსაფრთხოება დარტყმის ქვეშ დააყენა. დონალდ ტრამპმა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით სტრატეგია შეცვალა, პარალელურად კი ირანის პორტებში აფეთქებების ხმა ისმის.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აუქმებს მანამდე დაანონსებულ 20%-იან გადასახადს ჰორმუზის სრუტეში გამავალ ტვირთებზე. ნაცვლად ამისა, მან გადაწყვიტა ეს მოსაკრებელი ჩაანაცვლოს მასშტაბური სავაჭრო და საინვესტიციო ხელშეკრულებებით, რომლებსაც ყურის სხვადასხვა ქვეყნები აშშ-სთან გააფორმებენ.
პრეზიდენტის თქმით, ჰორმუზის სრუტე ღია იქნება ყველა გემისთვის, გარდა ირანისა.
"ეს იმიტომ ხდება, რომ მათი მატყუარა, მოძალადე და ბოროტი ხელმძღვანელობა ქვეყანას სრული განადგურების გზით მიაქანებს", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ზე. აშშ-მა უკვე დაიწყო ირანის პორტების სრული საზღვაო ბლოკადა.
ირანული მედიის ცნობით, აფეთქებები მოხდა რამდენიმე საპორტო ქალაქში, მათ შორის ბენდერ-აბასსა და ბუშირში, სადაც ქვეყნის ერთადერთი სამოქალაქო ატომური ელექტროსადგური მდებარეობს. აშშ-ის სამხედრო უწყების განცხადებით, მათ წარმატებით განახორციელეს დარტყმები იმ ობიექტებზე, რომლებიც კომერციულ გემებზე თავდასხმისთვის გამოიყენებოდა.
ირანული მხარის ინფორმაციით, იერიშებს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც ირანის "ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა" ჰორმუზის სრუტეში არაბთა გაერთიანებული საამიროების ორი ტანკერი დაბომბა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა ინდოეთის ერთი მოქალაქე, კიდევ რამდენიმე მეზღვაური კი დაშავდა.
ნეთანიაჰუს მკაცრი გაფრთხილება ირანს მკაცრად დაემუქრა ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერ თავდასხმაზე პასუხი გაცილებით ძლიერი იქნება.
"დასრულდა ის დრო, როცა ვიღაც გვარტყამდა და ჩვენ ორმაგად არ ვპასუხობდით. ჩვენ გავაგრძელებთ დარტყმებს ყველას წინააღმდეგ, ვინც ზიანს მოგვაყენებს", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.
საომარი მოქმედებების განახლებამ მყისიერი დარტყმა მიაყენა ფინანსურ ბაზრებს. ნავთობის ფასი მკვეთრად გაიზარდა, რამაც ინფლაციის შიში გამოიწვია. დიდ ბრიტანეთში სამთავრობო სესხების ღირებულებამ ბოლო თვეების განმავლობაში რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) კი ავიაკომპანიები გააფრთხილა, თავი შეიკავონ ბაჰრეინის, ქუვეითის, ყატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროებისა და ომანის ყურის საჰაერო სივრცეში ფრენისგან, რადგან რაკეტების და დრონების გამოყენების გამო რისკი მაღალია.