
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოცემა The New York Times-ის ჟურნალისტები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოში ჩვენების მისაცემად დაიბარა.
საქმე ეხება გამოცემის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს, სადაც დონალდ ტრამპის ახალი თვითმფრინავის Air Force One-ის უსაფრთხოების პრობლემებზე იყო საუბარი.
„ბიბისის“ ინფორმაციით, საიდუმლო სამსახურმა ტრამპს ნატო-ს სამიტიდან დაბრუნებისას ახალი თვითმფრინავის ნაცვლად ძველი ბორტის გამოყენება ურჩია, რადგან ის, სავარაუდოდ, უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებდა.
გამოცემის ცნობით, მასალები ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით მომზადდა. The New York Times-ის იურისტმა, დევიდ მაკკროუმ მიმდინარე მოვლენა ჟურნალისტების დაშინების მცდელობად შეაფასა.
აღსანიშნავია, რომ თავად დონალდ ტრამპმა უსაფრთხოების შესახებ შეშფოთება უარყო. მედიის ცნობით, ახალი Boeing 747-8, რომელიც კატარის მთავრობამ აშშ-ს საჩუქრად გადასცა, დაახლოებით 400 მილიონ დოლარად არის შეფასებული და სამხედროების განცხადებით, უსაფრთხოების დამატებითი სისტემებითაა აღჭურვილი.