რეზონანსი
11.07.2026

ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი ნივთიერებები დეტონატორით - თბილისის მახლობლად, ტყეში სპეციალურად მოწყობილ სამალავში აღმოჩენილი ეს იარაღი, გამოძიების ინფორმაციით, ბექა ჭულუხაძემ უკანონოდ შეიძინა.

9 თვიანი ძებნის შემდეგ, ბრალდებული საქართველო-სომხეთის სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებს შორის, ნეიტრალურ ზონაში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბექა ჭულუხაძემ დიდი რაოდენობით იარაღი კონკრეტული მიზნისთვის იყიდა. სუს-ის ინფორმაციით, საჭიროების შემთხვევაში, 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებს, თბილისის ცენტრში დივერსიული აქტები უნდა მოეწყოთ. თუმცა, ამ გეგმის განხორციელებას ხელი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრევენციულმა ღონისძიებამ შეუშალა.

ბექა ჭულუხაძის წინააღმდეგ საქმის მასალებში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება, სუს-ის ინფორმაციით, მისი ტელეფონიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერია, სადაც ბრალდებული, სავარაუდოდ, დამკვეთს ანგარიშს აბარებს და მის მიერ შეძენილ იარაღს ვიდეოთვალით აჩვენებს.

იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის ბრალდებული, "კურიერის" ინფორმაციით, უკვე გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ბექა ჭულუხაძის ადვოკატის თქმით, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს.

სასამართლო პროცესების პარალელურად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებებიც. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მტკიცებულებების მოპოვების მიზნით, რამდენიმე მიმართულებით მუშაობს.

პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და ლაშა ბერიძე - ხუთივე პირი სასამართლომ 4 ოქტომბრის ძალადობრივი აქციის ორგანიზატორებად ცნო და მათ პატიმრობა უკვე შეუფარდა. თავისუფლების მოედანზე შეკრებილმა აქტივისტებმა სწორედ ლიდერების მოწოდებების შემდეგ გადაინაცვლეს პრეზიდენტის სასახლესთან, რკინის ჭიშკარი შეანგრიეს და სასახლის ეზოში შეიჭრნენ.

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმის ფარგლებში დაკავებულია ბაჩო ახალაიაც. გამოძიების ინფორმაციით, ის იყო 4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. სუს-მა გაშიფრა და დაადგინა, რომ ბაჩო ახალაია ინტერნეტ აპლიკაციის მეშვეობით, დისტანციურად უკავშირდებოდა აქციაზე მყოფ ორგანიზატორებს და მათ მითითებებს აძლევდა.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული არაერთი მტკიცებულების მიუხედავად, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები გამოძიების ობიექტურობას მაინც ეჭვქვეშ აყენებენ.

მმართველი გუნდის წევრები 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებს და პრეზიდენტის რეზიდენციაზე შტურმს იხსენებენ. "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებით, რომ არა შესაბამისი უწყებების კოორდინირებული მუშაობა, მათივე თქმით, ქვეყნის გარეთ დაწერილი რევოლუციური სცენარი, შესაძლოა რეალობად ქცეულიყო.

დაორგანიზებული ჯგუფური ძალადობისა და პრეზიდენტის სასახლის ხელში ჩაგდების მცდელობის საქმის ფარგლებში, გამოძიება ისევ გრძელდება. არ არის გამორიცხული  ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×