
პარტია „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი არასერიოზული პოლიტიკური ფიგურაა და სწორედ ასეთი რეპუტაციის მქონე პოლიტიკოსებს ავალებენ არასამრთლიანი რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას. სეფაშვილის თქმით, ჯო უილსონის მიერ ინიცირებული დოკუმენტის შინაარსი თითქმის იდენტურია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებისა, რაც პროცესების კოორდინირებულ ხასიათზე მიუთითებს.
„ჯო უილსონის პიროვნების არასერიოზულობას მინდა გავუსვა ხაზი - ეს ყველამ იცის და ამ საკითხზე ყველა თანხმდება. როდესაც მარტში აშშ-ში ვიზიტით ვიყავით, მისმა კოლეგებმა თავად აღნიშნეს, რომ უილსონის აზრებსა და გამონათქვამებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა როგორც ვხედავთ, დღის წესრიგის შექმნისთვის კარგი შემსრულებელია და სწორედ ამიტომ დგამს ასეთ არასერიოზულ ნაბიჯებს.
მაგალითად, მან ძალიან ხმამაღლა განაცხადა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მომავალი სესია ჩარლსტონში უნდა ჩატარებულიყო. ამისთვის უკვე მომზადებული ჰქონდა სხვადასხვა სუვენირიც კი და ამ გადაწყვეტილებას არეკლამებდა, მაშინ, როდესაც გენერალურ ასამბლეას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ შემდეგი სესია ბელგრადში გაიმართებოდა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რაოდენ არასერიოზული ადამიანია ჯო უილსონი.
კიდევ ერთ გარემოებას აღვნიშნავ - სწორედ ასეთი არასერიოზული რეპუტაციის მქონე ადამიანებს ავალებენ მსგავსი არაპროფესიონალური რეზოლუციების წარდგენასა და ლობირებას, რადგან თავმოყვარე და პროფესიონალი პოლიტიკოსი მსგავსი რეზოლუციის შექმნას არ დათანხმდება. თუ ამ რეზოლუციას გადავხედავთ, თავიდან ბოლომდე იგივე ტექსტია, რომელიც ასახულია ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებში. თითქმის ყველა დოკუმენტში ერთი და იგივე ტექსტი მეორდება, რაც მიუთითებს, რომ ეს პროცესები ერთი ცენტრიდან კოორდინირდება“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.