რეზონანსი
10.07.2026

„ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ალეკო ელისაშვილის სასჯელზე საუბრისას.

მისი თქმით, როგორც ალეკო ელისაშვილი, ისე ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ამა თუ იმ სიმძიმის სასჯელს იხდის, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული მიდგომებით არის მისული ამ მდგომარეობამდე.

„ოპოზიცია უკვე იმ დონეზეა გასული, რომ სასამართლოს შენობის გადაწვის პირდაპირ, აშკარა მცდელობას ეძახიან პოლიტიკურ ანგარიშსწორებას. ეს მეტყველებს უკვე საქართველოში ე.წ. ოპოზიციის სრულ დეგრადაციაზე. მათ აღარ გააჩნიათ უნარი, რომ პირდაპირი ქმედება, რომელიც მიმართული იყო სახელმწიფო დაწესებულების, სასამართლოს გადაწვისკენ, ამაზეც კი ჰქონდეთ რაიმე ნორმალური რეაგირება და დაგმონ.

არის „ოპოზიცია“, ვიმეორებ ბრჭყალებში, ამას ნორმალურ დემოკრატიულ ქვეყანაში არ შეიძლება ოპოზიცია ერქვას, რომელიც ტერორისტული აქტების ჩამდენებს პოლიტპატიმრებს ეძახის, ამას ამართლებს და მხარდასაჭერ „ქარდებს“ უძღვნის.

ეს არის ის ვერდიქტი, რომელიც არა მარტო ალეკო ელისაშვილს ეკუთვნის მის მიერ ჩადენილი ქმედების გამო, არამედ - მთლიანად ოპოზიციას. ეს ერთი პიროვნებაც და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც დღეს ამა თუ იმ სიმძიმის სასჯელს იხდის, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი, ანტიდემოკრატიული მიდგომებით არიან მისული ამ მდგომარეობამდე“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×