
სასამართლოს წარედგინა მტკიცებულებები, რომელთა გამოკვლევით, გონივრული სტანდარტით დავადასტურეთ, რომ ალექსანდრე ელისაშვილმა ჩაიდინა ტერორისტული აქტის მცდელობა, - ამის შესახებ ალექსანდრე ელისაშვილის საქმის პროკურორმა, ანი ხუბეჯაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები გიზიარა, რომლებიც იყო უტყუარი და თანმიმდევრული.
„სასამართლომ ისაუბრა საქმეში არსებულ ჩანაწერზე, რომელშიც ნათლად იყო აღბეჭდილი ბრალდებულის ყველა მოქმედება, ისაუბრა ფაქტის მოწმეთა ჩვენებებზე, რომლებიც ასევე იყო თანმიმდევრული და სრულად აღადგენდა ალექსანდრე ელისაშვილის ქმედების თითოეულ სურათს. სასამართლომ ასევე შეაფასა ის, რომ ბრალდებულის ქმედება ცალსახად იყო ტერორისტული აქტის მცდელობა და მას გააჩნდა ტერორისტული მიზანი - სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია. მოსამართლემ ასევე ისაუბრა სასჯელთან დაკავშირებით და განმარტა, რომ სასჯელი, რომელიც მას განესაზღვრა, 13 წლით თავისუფლების აღკვეთა, მის ქმედებასთან იყო რელევანტური. მოსამართლემ ასევე მინიმუმთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ბრალდებულმა არცერთ ეტაპზე საკუთარი ქცევა არ მოინანია, შესაბამისად, ვერ დაიმსახურა, მის მიმართ მინიმალური სასჯელი ყოფილიყო განსაზღვრული“, - განაცხადა ანი ხუბეჯაშვილმა.
ტერორისტული აქტის მცდელობის ბრალდებით, 29 ნოემბრის ეპიზოდზე, „ძლიერი საქართველო- ლელოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.