
ამ წუთებში, საქალაქო სასამართლოში ბრალდებული 10 პირის პროცესი მიმდინარეობს. აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მოსამართლე დავით კურტანიძე მსჯელობს. ამავე მოსამართლემ უნდა იმსჯელოს კიდევ 10-პირიან საქმეზე. სწორედ ამ ეპიზოდშია 35 წლამდე ლალო გველესიანი, რომელიც 29 დაკავებულიდან ერთადერთი ქალია. დღეს ამავე ეპიზოდზე სასამართლოში მიიყვანენ ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანსაც. აღნიშნულ საქმეზე 9 პირს წინასწარი პატიმრობა გუშინ უკვე შეეფარდა.
„სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და 9 ბრალდებულს "ქურდული სამყაროს" საქმიანობის განხორციელებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა. ბრალდების მხარეს წარმოდგენილი ჰქონდა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც ადასტურებდა, რომ ბრალდებულები ახორციელებდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას. ერთ-ერთი მათგანი აწყობდა ქურდულ გარჩევებს, მოდავე მხარეებს უკავშირდებოდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერების მეშვეობით, რის შემდეგაც, „ქურდული“ გარჩევის გზით, იმ პირს, რომელსაც გაამტყუნებდა, მატერიალური სარგებლის გადახდას აიძულებდა“, - აღნიშნა პროკურორმა, ვაჟა თოდუამ.
საქმე ეხება მასშტაბურ სპეცოპერაციას, რომლის ფარგლებშიც ბრალი სულ 32 პირს წარედგინა - მათგან 29 დაკავებულია, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები სისტემატურად აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, მოქალაქეებს ფიზიკური ანგარიშსწორებითა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.