რეზონანსი
10.07.2026

ირანის ხელისუფლება აშშ-თან დაპირისპირების ახალ ეტაპზე ქვეყნის გეოგრაფიული უპირატესობის გამოყენებას გეგმავს. ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ წერს, რომ თეირანში მიიჩნევენ, დასავლეთის ეკონომიკა ნავთობზეა დამოკიდებული, ხოლო ირანი იმ საზღვაო მარშრუტების სიახლოვეს მდებარეობს, რომლითაც ენერგორესურსების დიდი ნაწილი გადაადგილდება.

გამოცემის ცნობით, ეს მიდგომა ირანის ახალ სამხედრო დოქტრინაში აისახა, რომლის მიხედვითაც თეირანი მზად არის, შესაძლო კონფლიქტის შემთხვევაში, მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი საზღვაო კვანძების გამოყენებით ზეწოლა გაზარდოს.

„ტელეგრაფის“ ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა ღამით ირანის წინააღმდეგ 90 სამიზნეზე განახორციელა დარტყმები, რის შედეგადაც რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა. ირანმა საპასუხოდ აშშ-ის სამხედრო ბაზებზე ქუვეითსა და ბაჰრეინში რაკეტებითა და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც თეირანმა „ამერიკელი შეთანხმების დამრღვევების წინააღმდეგ სადამსჯელო პასუხის პირველ ეტაპს“ უწოდა.

გამოცემის მიერ ჩატარებული ანალიზის მიხედვით, ირანის ლიდერებმა ორი რაუნდის განმავლობაში აშშ-ისა და ისრაელის დარტყმების შემდეგ დაასკვნეს, რომ ქვეყნის მთავარი უპირატესობა არა სამხედრო შესაძლებლობები, არამედ მისი გეოგრაფიული მდებარეობაა. „ტელეგრაფი“ წერს, რომ ირანი განიხილავს ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ექსპორტის შეჩერების შესაძლებლობას. ამ გეგმის მიხედვით, თეირანმა, შესაძლოა, სცადოს ტანკერებზე თავდასხმა და საზღვაო ნაღმების გამოყენება, ასევე დარტყმები განახორციელოს მეზობელი ქვეყნების ნავთობის მოპოვებისა და გადამამუშავებელ ინფრასტრუქტურაზე.

გამოცემის ცნობით, ირანის მეორე მიმართულება წითელ ზღვაში მეორე ფრონტის გახსნაა. თეირანი, სავარაუდოდ, ცდილობს გავლენის გაძლიერებას ბაბ-ელ-მანდების სრუტეზე, რომელიც წითელ ზღვასა და ადენის ყურეს აკავშირებს და საერთაშორისო ვაჭრობისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მარშრუტად ითვლება. „ტელეგრაფის“ შეფასებით, ჰორმუზისა და ბაბ-ელ-მანდების სრუტეების ერთდროულად ჩაკეტვამ, შესაძლოა, სერიოზულად შეაფერხოს ენერგორესურსებისა და საქონლის გლობალური გადაადგილება.

სტრატეგიის კიდევ ერთი ნაწილი, გამოცემის თანახმად, აშშ-თვის ადამიანური და ფინანსური დანახარჯების გაზრდას უკავშირდება. ირანის სამხედრო ანალიტიკოსები საუბრობენ „ხარჯების დაკისრების“ სტრატეგიაზე, რომელიც გულისხმობს არაპირდაპირი მეთოდებით აშშ-ის ძალებზე მძიმე ზეწოლის განხორციელებას.

ამავე დროს, „ტელეგრაფი“ აღნიშნავს, რომ ირანს არ შეუძლია შეერთებული შტატების სამხედრო გზით დამარცხება და თავადაც აცნობიერებს ამას. თეირანის მიზანი, სავარაუდოდ, არა სრული გამარჯვება, არამედ ისეთი ზიანის მიყენებაა, რომელიც ვაშინგტონს კონფლიქტის გაგრძელების ფასის გადახედვას აიძულებს. გამოცემის ინფორმაციით, ირანი ასევე განიხილავს ე.წ. „სტრატეგიული გაურკვევლობის“ გაძლიერებას - უფრო მკაცრი წითელი ხაზების დაწესებას და მოწინააღმდეგისთვის გაურკვევლობის შექმნას, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს თეირანი მომავალში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×