
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან მასშტაბური სამხედრო მოქმედებების განახლებას არ ელოდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა ორ ქვეყანას შორის სრულმასშტაბური კონფლიქტი კვლავ დაიწყოს, ტრამპმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონი თეირანის ნებისმიერ აგრესიას ბევრად უფრო მკაცრი საპასუხო რეაქციით დახვდება.
„არ ვფიქრობ, რომ ეს კვლავ დაიწყება. ვფიქრობ, ყველაფერი ძალიან სწრაფად ჩაივლის. მათ რამდენიმე გემს დაარტყეს და ჩვენ ბევრად უფრო ძლიერი საპასუხო დარტყმა მივაყენეთ. როდესაც ისინი გვირტყამენ, ჩვენ ათჯერ უფრო ძლიერად ვუპასუხებთ. იცით, ჩვენ მათზე ბევრად უფრო ძლიერად ვარტყამთ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები ირანთან სწორედ იმ კომუნიკაციის ფორმას იყენებს, რომელიც რეჟიმისთვის კარგად არის ნაცნობი და გასაგები.
„ჩვენ მათ ენას ვიყენებთ. ჩვენ მათ ენაზე ვსაუბრობთ“, - დასძინა ტრამპმა.
ამასთანავე, პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი რეგიონში პროცესების გაჭიანურებით არ არის დაინტერესებული და აშშ „გრძელვადიან კონფლიქტს არ ეძებს“.