რეზონანსი
08.07.2026

ტერორი "კრიმინალური ავტორიტეტის" სახელით და ბიზნეს დავები "ქურდული წესებით" -  ხმაურიანი საქმის ახალი დეტალები ხდება ცნობილი. "ტვ პირველის" ინფორმაციით, დაკავებულთა შორისაა ფრანგული გასაჭიმი ჭერის ხელოსანი. ხვიჩა ჯინჭარაძე 4 შვილის მამაა. მის ასაყვანად სპეცოპერაცია მისსავე სახლში ჩატარდა. მეზობლების თქმით, კაცი თავს სწორედ ხელოსნობით ირჩენს და ყოველ დღე სამუშაოდ მის დისშვილთან ერთად დადიოდა. 

"4 შვილის მამა, ხელოსანია, ფრანგულ ჭერებს აკეთებს. კაცი მუშაობს. არაფერ კრიმინალურთან მას შეხება არ ჰქონია, რომელი ქურდი ეგ არის, ფრანგული ჭერების ხელოსანია. ყოველ დღე დადის სამუშაოდ მის დისშვილთან ერთად", - ამბობენ მეზობლები. 

ამ წუთებში ხვიჩა ჯინჭარაძესთან ადვოკატია შესული და მასთან ერთად ეცნობა ბრალის ოფიციალურ დადგენილებას. თუ რას ედავება უფრო კონკრეტულად პროკურატურა დაკავებულს, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატი წინასწარი მოთავსების იზოლატორს დატოვებს. 

ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 ადამიანი დააკავეს, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე, რომელიც წლებია, საზღვარგარეთ იმყოფება. 

გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული პირები, პირადი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, აქტიურად ერთვებოდნენ მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების გადაწყვეტაში.

საქმის მასალების მიხედვით, აღნიშნულ პროცესში, კრიმინალური გავლენების გაძლიერებისა და მოდავე მხარეებზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მოხდენის მიზნით, ჩართული იყო ე.წ. კანონიერი ქურდი ბესიკ ჯაფარიძე.

ირკვევა, რომ ბრალდებულები, საზღვარგარეთ მყოფ კრიმინალურ ავტორიტეტთან შეთანხმებით, მოდავე მხარეებთან ერთად პერიოდულად აწყობდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევებს.  29 დაკავებულიდან 1 ქალია. 

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×