
რაც უფრო ხშირად მაქვს კომუნიკაცია, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ისე კანდიდატი ქვეყნების წარმომადგენლებთან, მით უფრო ბუნდოვანი ხდება, სად იმყოფება დღეს ბრიუსელი ევროკავშირის გაფართოების გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას თითქმის ერთნაირი გამოწვევები აქვს და მნიშვნელოვანია მათი ერთიანობა.
შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან არის მცდელობა გაფართოების გზაზე ისეთი ახალი პირობების წამოყენებისა, რომლებიც შეიძლება, მიუღებელი იყოს კანდიდატი ქვეყნებისთვის.
„იქმნება შთაბეჭდილება, რომ 2022 წელს, ომის დაწყებიდან მესამე დღეს უხვად გაცემული პირობები, რომ ევროკავშირმა გადაიაზრა საკუთარი გეოპოლიტიკური როლი და ახლა გადაერთო გაფართოების სტრატეგიაზე, ეს განცხადებები ზოგიერთი ქვეყნის მხრიდან დანახული იქნა, როგორც ნაჩქარევი განცხადებები. ახლა არის მცდელობა ან ამ პირობისგან გასვლისა, ან ახალი პირობების წამოყენებისა გაფართოების გზაზე, ისეთი პირობების, რომლებიც შეიძლება, მიუღებელი იყოს წევრობის კანდიდატი ქვეყნებისთვის. ასე რომ, ამ წინაღობებსა და სირთულეებში, რასაც საქართველო ვგრძნობთ, ახალი არაფერია და მათ შორის ამ ორმა დღემ ეს დაადასტურა ჩემთვის, ყველა კანდიდატ ქვეყანას თითქმის მსგავსი გამოწვევები აქვს. ხან ზოგიერთ წევრ ქვეყანას აქვს პირადი პოლიტიკური დღის წესრიგი ცალკეულ ქვეყანასთან დაკავშირებით, ხან ბრიუსელს აქვს საკუთარი დამოკიდებულებები, რომლებიც, რაც მთავარია, არ გამომდინარეობს არც გაწევრიანების პროცედურებიდან, არც კოპენჰაგენის პრინციპებიდან, არამედ არის ახლად მოგონილი დამატებითი კრიტერიუმები, თუ წინაპირობები, რომლებიც მხოლოდ სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკურ დღის წესრიგს ემსახურება. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ამ მხრივ ჩვენ ვიყოთ ერთიანი, ვინაიდან ამ ურთიერთობაში ჩვენ არ ვართ თანასწორი, როცა საქმე გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებსაც თითოეულს ვეტოს უფლება აქვს და შეუძლია, დაბლოკოს ნებისმიერი წინსვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ინფორმაციის გაცვლა.
მაგალითის სახით, სერბეთი ელოდება ახლა გადაწყვეტილებას გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებაში ე.წ. მესამე კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით. არსებობს ევროკომისიის დადებითი დასკვნა, რიგით მეექვსე. ზედიზედ ექვსჯერ ევროკომისიამ გასცა დადებითი დასკვნა. როგორც ახლა მედიაშიც იწერება და გამოდის ინფორმაცია, ნიდერლანდები ეწინააღმდეგება კლასტერის გახსნას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამაც კი დაადასტურა, რომ რეფორმებიდან გამომდინარე, სერბეთი იმსახურებს მოლაპარაკების ამ ნაწილის გახსნას. ასევე, ბალტიის ზოგიერთი ქვეყანა, იმის გამო, რომ სერბეთს დაწესებული არ აქვს სანქციები რუსეთისთვის, ბლოკავს მოლაპარაკების ამ ნაწილის გახსნას. ასე რომ, ასეთი შემთხვევებით სავსეა მთლიანად ეს გაწევრიანების პროცესი და მნიშვნელოვანია, ამ მხრივ კანდიდატმა ქვეყნებმა ერთმანეთს ინფორმაცია გავუზიაროთ, ერთმანეთს შევეხიდოთ და გვერდში დავუდგეთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.