
„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებაში სახელმწიფოს მთავარ როლში გადასვლა ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესების განხორციელებას ემსახურება“, - ჟენევაში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ ყაველაშვილი, მედიასთან საუბარში მთავრობის ახალ ინიციატივას ეროვნულ გადაწყვეტილებას უწოდებს.
მიხეილ ყაველაშვილის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება პასუხისმგებლიანი სახელმწიფოს ქმედებაა და ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეფუძნება.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საქართველოს პოზიცია თავიდანვე გამჭვირვალობაზე, ყველა დაინტერესებული სახელმწიფოსა და ბიზნესის შემოთავაზებების განხილვასა და ღია თანამშრომლობაზე იყო დაფუძნებული.
„დღეს სახელმწიფოს აქვს შესაძლებლობა, თავად განავითაროს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი და ეს მართლაც საუკეთესო გადაწყვეტილებაა. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო იქნება პორტის მფლობელი, ექნება მართვის პაკეტი, თუმცა, ამავდროულად, ყველა დაინტერესებულ მხარეს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი ინტერესი განახორციელოს“, - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
მისივე შეფასებით, საქართველოს ეკონომიკური განვითარება, ქვეყნის, როგორც სანდო პარტნიორის რეპუტაცია და შუა დერეფნის მიმართ მზარდი საერთაშორისო ინტერესი ქმნის საფუძველს, რომ ანაკლიის პორტის პროექტში სხვადასხვა ქვეყნების ჩართულობა კიდევ უფრო გაიზრდება.