რეზონანსი
08.07.2026

„ქართული ოცნების“ წევრი ლევან მახაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს საკითხზე „გადამოწმებული ფაქტების ნაცვლად პოლიტიკური ჰედლაინებით“ ხელმძღვანელობაში ადანაშაულებს. ამის შესახებ მან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. მისი მტკიცებით, ორგანიზაცია არჩევნებთან, მოსკოვის მექანიზმის დასკვნებსა და საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საკითხებს ცალმხრივად და არაზუსტად აფასებს, რაც, მახაშვილის შეფასებით, ეუთო-ს სანდოობას აზიანებს.

„ბატონო თავმჯდომარე, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სანდოობა არ არის აბსტრაქტული მონაპოვარი. ის ჩვენი რელევანტურობის საფუძველია. როცა ჩვენ ვუშვებთ, რომ საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები ჩამოყალიბდეს მოკლევადიანი პოლიტიკური ჰედლაინებით და არა გადამოწმებული ფაქტებით, ეს იმაზე მეტია, ვიდრე რეალობის დამახინჯება. ასე ჩვენ ძირს ვუთხრით ინსტიტუტს, რომელსაც ვემსახურებით. ეუთო/ოდირს არ დაუსკვნია, რომ არჩევნები გაყალბდა, თუმცა ეს ასამბლეა აპირებს გააყალბოს ოდირის ანგარიში. მოსკოვის მექანიზმს არ დაუსკვნია არაფერი ბრალდებების გარდა, მაგრამ ეს ასამბლეა აპირებს, გამოაცხადოს ის როგორც დამტკიცებული ფაქტი. საქართველოში პასუხისმგებლობა დაეკისრათ ძალადობრივ მომიტინგეებსაც და სპეცრაზმელებსაც, თუმცა ეს ასამბლეა აპირებს ამტკიცოს, რომ ისინი მშვიდობიანი მომიტინგეები იყვნენ, რომლებმაც გადაწვეს პარლამენტი და თავს დაესხნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციას. დაშავდა ასობით პოლიციელი.

ასეთი გადაჭარბებული პოლიტიზება ეუთო-ს აქცევს შერჩევითი დღის წესრიგის და პოლიტიკური შურისძიების ინსტრუმენტად. ორმაგი სტანდარტები არ აძლიერებს ეუთოს, პირიქით, ის მას უფრო მეტად ასუსტებს. როდესაც საქართველოზე რეზოლუციები მიიღება გადაუმოწმებელ ბრალდებებსა და ცალმხრივ ინტერპრეტაციებზე დაყრდნობით, ჩვენ ვკარგავთ ნდობას მათ მიმართ, ვისაც ვხედავდით როგორც მიუკერძოებელ აქტორს და პატიოსან შუამავალს. ქვეყნები ასამბლეას ხედავენ არა როგორც საერთო პრინციპების მცველს, არამედ შერჩევითი დღის წესრიგის გამაძლიერებელს. შედეგი კი არის შემცირებული მონაწილეობა და ნაბიჯ-ნაბიჯ მარგინალიზაცია. ჩვენთვის სუსტდება ლეგიტიმაცია ორგანიზაციისა, რომლის დაცვასაც ვიჩემებთ. კოლეგებო, ფაქტები ფაქტები და მხოლოდ ფაქტები უნდა დარჩეს ჩვენს კომპასად თუ ჩვენ გვინდა რომ ეუთომ სანდოობა შეინარჩუნოს“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

რამდენიმე საათში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჰააგის დეკლარაციას დაამტკიცებს. დოკუმენტში, სავარაუდოდ, საქართველოსთან დაკავშირებული კრიტიკული რეზოლუციებიც შევა. რეზოლუციის პროექტი საქართველოს ხელისუფლებას არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების გამოძიების, დაკავებულების გათავისუფლებისა და რეპრესიულად შეფასებული კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს. „ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ დოკუმენტში გაჟღერებულ არცერთ მოწოდებას არ გაითვალისწინებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×