
საქართველოს თხევადი გაზის იმპორტი თითქმის 40%-ით გაუძვირდა. თუ 2025 წლის იანვარ-მაისში ერთი ლიტრი საწვავის იმპორტი (გადასახადების გარეშე) საშუალოდ 0.37 დოლარი ჯდებოდა, წელს ანალოგიურ პერიოდში ამ მაჩვენებელმა 0.50 დოლარი შეადგინა. ამასთან, 81.5%-ით გაიზარდა იმპორტის მოცულობაც.
უფრო კონკრეტულად, 2026 წლის იანვარ-მაისში საქართველომ 22 705 ტონა გათხევადებული პროპანი იყიდა, ჯამში 11.434 მლნ დოლარის ღირებულების, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტის მოცულობამ 12 506 ტონა (4.550 მლნ დოლარი) შეადგინა. აღსანიშნავია, რომ წლევანდელი მონაცემები რეკორდული მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. (საქსტატის საგარეო ვაჭრობის პორტალზე გათხევადებული პროპანის იმპორტის მაჩვენებელზე მონაცემები ხელმისაწვდომი სწორედ 2009 წლიდან არის).
იმპორტის გაძვირებასთან ერთად, გაზრდილია საცალო ფასიც. თუ ერთი თვის წინ ბენზინგასამართ სადგურებზე ერთი ლიტრი თხევადი გაზის ღირებულება მაქსიმუმ 1.5 ლარი იყო, დღეს მისი ღირებულება 1.55-დან 1.70 ლარამდეა.
რაც შეეხება იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალი, უცნობია. როგორც საქსტატში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რომელი ქვეყნიდან შემოდის ქვეყანაში გათხევადებული პროპანი, კონფიდენციალურია. არადა, ორიოდე თვის წინ აღნიშნული მონაცემები ღია იყო და დაინტერესებულ პირს შეეძლო იმპორტიორი ქვეყნების ჩამონათვალის ნახვა. „ბიზნესპრესნიუსი“ იანვარ-თებერვლის იმპორტის მონაცემებზე დაყრდნობით წერდა კიდეც, რომ იმ პერიოდში გათხევადებული აირის თითქმის 100% რუსეთიდან შემოვიდა, უმნიშვნელო მოცულობის, დაახლოებით 300 დოლარის ღირებულების კი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან.