
მარიჯანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მხარეს, სამშენებლო მოედანზე დაფიქსირებულმა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტმა ძალიან ბევრი სპეკულაცია გამოიწვია, ეს არის სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების ერთ-ერთი სამშენებლო ობიექტი, წლების განმავლობაში ათასობით ოჯახი ელოდებოდა, მიეღო საკუთარი საცხოვრებელი ფართი, - ამის შესახებ დედაქლაქის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კომპანია, რომელიც ამჯერად პროექტს ახორციელებს, კონკრეტულად დაზარალებული მოსახლეობის მიერ არის შერჩეული.
„ათასობით ოჯახი გააუბედურა ამ სამშენებლო კომპანიამ. დედაქალაქის მერიამ, რომელსაც არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა, გადაგვედგა ეს ნაბიჯი, დავხმარებოდით ამ ოჯახებს, თუნდა ამ კომპანიის მეპატრონეებს. ჩვენი კეთილი ნება იყო, გადაგვედგა ეს ნაბიჯი, რომ ათასობით გაუბედურებულ ოჯახს დავხმარებოდით. არცერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც აიღო ვალდებულება ამ სამშენებლო სამუშაოებზე, მერიას და დედაქალაქის მუნიციპალიტეტს არ მოუყვანია. ჩვენ მივეცით შესაძლებლობა, თვითონ გადაეწყვიტათ, ვინ იქნებოდა კონკრეტულ სამშენებლო ობიექტზე, რომელ კომპანიას მოიყვანდნენ. ამ შენობის დემონტაჟი განხორციელდა და ის ქვაბული, რომელიც წარმოქნილია, არის ამ შენობის დემონტაჟის შედეგად, სადაც შემდეგ უნდა განხორციელდეს სამშენებლო სამუშაოები. ეს კომპანია არის „ნექსთ დორი“. აღნიშნულ კომპანიას აქვს ორი ლოკაცია, სადაც აქვს პასუხისმგებლობა. სწორედ ერთ-ერთია მარიჯანის ქუჩაზე, მეორე კი ვაშლიჯვარში. 2024 წელს იქნა გაცემული მარიჯანის ქუჩაზე სამშენებლო ნებართვა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენგან იყო მოთხოვნილი ხიმინჯოვანი საძირკვლის მოწყობა, ვთხოვეთ, კორექტირება შეეტანათ სამშენებლო ნებართვაში“, - განაცხადა კალაძემ.
კახა კალაძის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ფაქტზე მყისიერი რეაგირება მოახდინა, რომლის შედეგადაც უსაფრთხოების წესების დარღვევის გამო ობიექტი დაჯარიმდება 30 ათასი ლარით.
„სამშენებლო პროცესი შეჩერდება. კომპანიას დაევალა გამაგრებითი სამუშაოების ჩატარება. გარდა ამისა, სამშენებლო მოედანზე, როცა დაფიქსირდა ქვაბულის ფერდის ჩამოშლის ფაქტი, სამხარაულის ბიუროს საფუძველზე, მიმდებარე კორპუსის მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება. მოვისმინეთ სპეკულაციები, რომ კომპანიას არ ეძლევა ფართების გაყიდვის საშუალება, დიახ, მათ ამის საშუალება არ ეძლევათ და ეს მოხდება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომ დავიცვათ ადამიანები, მოსახლეობა, რომ არ აღმოჩნდნენ მოტყუებულები“, - განაცხადა კალაძემ.