რეზონანსი
07.07.2026

აშშ-ის ლუიზიანა-ს შტატში მომხდარმა შემზარავმა ოჯახურმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. სამართალდამცველების ინფორმაციით, 31 წლის კაცმა საკუთარ ოჯახზე შეიარაღებული თავდასხმა მოაწყო. თავდასხმის შედეგად დაიღუპა რვა ბავშვი, რომელთაგან შვიდი მისი ბიოლოგიური შვილი იყო, ხოლო მერვე - მათი ბიძაშვილი. მსხვერპლთა ასაკი 3-დან 11 წლამდე იყო. ინფორმაცია მომხდარის შესახებ მედიაში მალევე გავრცელდა. 

გამოძიების მიხედვით, შემთხვევა 2026 წლის 19 აპრილს მოხდა. პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელმა თავდაპირველად ორ ქალს ესროლა, მათ შორის, საკუთარ მეუღლესა და ყოფილ მეუღლეს, რომლებიც მძიმედ დაშავდნენ. ამის შემდეგ ის მეორე საცხოვრებელ სახლში მივიდა, სადაც ბავშვებს ესროლა. ზოგიერთი მათგანი საწოლში იპოვეს, ნაწილი კი გაქცევას ცდილობდა, როდესაც სასიკვდილო ჭრილობები მიიღეს.

პოლიციის უფროსის განცხადებით, ყველა გარემოება მიუთითებს, რომ დანაშაულს საფუძვლად ოჯახური კონფლიქტი დაედო. გამოძიების ინფორმაციით, მამაკაცი მეუღლესთან დაშორების პროცესში იყო და სასამართლო დავაც მიმდინარეობდა. სამართალდამცველები ვარაუდობენ, რომ სწორედ ეს დაძაბული ურთიერთობა გახდა ძალადობის მთავარი მიზეზი, თუმცა გამოძიება სხვა გარემოებებსაც სწავლობდა.

თავდასხმის შემდეგ ბრალდებულმა ავტომობილი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან გაქცევა სცადა. პოლიციამ მისი ავტომობილი მალევე აღმოაჩინა და დევნა დაიწყო. დევნა შეიარაღებული დაპირისპირებით დასრულდა, რომლის დროსაც მამაკაცი დაიღუპა. ოფიციალური ინფორმაციით, მიმდინარეობდა დადგენა, სასიკვდილო ჭრილობა პოლიციის ტყვიამ მიაყენა თუ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 

მოგვიანებით, ქალაქში რვავე ბავშვის საერთო სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა, რომელსაც ასობით ადამიანი დაესწრო. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×