რეზონანსი
06.07.2026

 რაც უფრო ახლოვდება "ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა, მით უფრო ხშირად ისმის სიტყვა - სიმართლე. თუ ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე ამომრჩეველს ორი წლის განმავლობაში ატყუებდა და მხოლოდ ახლა გაამხილა, რომ ლევან ხაბეიშვილი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ჩაუნაცვლებია, ახალ კანდიდატად დასახელებული ამბობს, რომ არავის ჩანაცვლებას არ აპირებს საკუთარი კომპეტენციის გათვალისწინებით.

ნანუკა ჟორჟოლიანი, ერთი მხრივ, აღიარებს, რომ შესაბამისი კომპეტენცია არ აქვს, მეორე მხრივ კი აცხადებს, რომ ყველაფერი მიხეილ სააკაშვილია. ექსპრეზიდენტის ახალი რჩეული, რომელიც საკუთარ თავს არა "ნაციონალს", არამედ "მიშისტს" უწოდებს, საკუთარ ფუნქციას მხოლოდ შუამავლის როლში ხედავს. სააკაშვილის ნაცვლად, მისი იდეების შესასრულებლად, პარტიაში დამოუკიდებელი სტრუქტურის შექმნას აანონსებს და, ამავდროულად, ოპოზიციური ალიანსის ერთპიროვნულ ლიდერად თამარ ჩერგოლეიშვილს ასახელებს.

ასეთ გარემოში "ნაციონალურ მოძრაობაში" დარჩენა ჟორჟოლიანისთვის თავმოყვარეობის საკითხია, თავად ჩერგოლეიშვილისთვის კი - შიდაპარტიული დემოკრატიის. "ფედერალისტების" ლიდერმა "ნაციონალური მოძრაობის" ახალ რეფორმატორს დღეს სოციალური ქსელით უპასუხა.

რა უნდათ სხვებს? - ლიდერი, რომელიც შესაბამის სტანდარტებს აკმაყოფილებს. "ნაციონალურ მოძრაობაში" ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილებებს პატივს სცემენ, თუმცა ახალი თავმჯდომარე კონკრეტულ კრიტერიუმებს მაინც უნდა აკმაყოფილებდეს.

ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? - გაჟღერებული კანდიდატებიდან ამას არავინ ადასტურებს, თუმცა არც არავინ უარყოფს, მათ შორის, არც ანა წითლიძე და არც თინა ბოკუჩავა, რომელიც ორ დღეში ფორმალური თავმჯდომარეც აღარ იქნება. სახელებისა და გვარების შეცვლით "ნაციონალურ მოძრაობაში" კრიზისი რომ არ დასრულდება, ამას თავად პარტიის წევრებიც ადასტურებენ. ამ შეფასებას მმართველი პარტიაც იზიარებს.

კონკურენტული გარემოს არარსებობის შემთხვევაში, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნები შესაძლოა საერთოდ აღარ ჩატარდეს. პარტიის გენერალური მდივანი არ გამორიცხავს, რომ ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება უშუალოდ ყრილობაზე მიიღონ და ახალი თავმჯდომარე დელეგატებმა აირჩიონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×